სომხეთში ქუჩებს აღარ გადაკეტავენ – ფაშინიანი პრემიერობისთვის ემზადება

ხვალ, 1 მაისს, სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატები ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ. წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიციონერი დეპუტატი და სომხეთში საპროტესტო აქციების ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი ამ პოსტზე ერთპიროვნული ლიდერია.

საპარლამენტო ფრაქციამ “გამოსვლა”, რომელსაც ეროვნულ კრებაში 9 მანდატი აქვს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა. გარდა ამისა, “წარუკიანის” ფრაქციაში განაცხადეს, რომ მზად არიან მხარი “ხალხის კანდიდატს” დაუჭირონ. ამ ფრაქციას 31 მანდატი აქვს.

რაც შეეხება სახელისუფლებო, სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც 58 მანდატი აქვს, საკუთარ კანდიდატურას აღარ წარადგენს, თუმცა რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ “ფაშინიანის არჩევას ხელს არ შეუშლიან”, რაც პოლიტოლოგ მიკაელ ზოლიანის აზრით, ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: რესპუბლიკური პარტიის წევრები ხვალინდელ სხდომაზე მივლენ, კვორუმი შედგება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ან ხმას სრულად, ან ნაწილობრივ ფაშინიანს მისცემენ. პრემიერ-მინისტრის არჩევას სულ 53 მანდატი სჭირდება.

ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ერევნის გარდა, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს სომხეთის სხვა დიდ ქალაქებშიც ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ დღეს, 30 აპრილს დემონსტრანტებმა ქუჩები აღარ უნდა გადაკეტონ.

“უფრო დისციპლინირებული უნდა ვიყოთ. მოახლოებულ გამარჯვებაში ხელი მცირე ინციდენტმაც კი არ უნდა შეგვიშალოს”, – ამბობს ფაშინიანი.

თუმცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ჩატარება დღეს საღამოს ერევანში მაინც დააანონსეს.


უფრო ვრცლად, ვინ არის ნიკოლ პაშინიანი წაიკითხეთ ბმულზე –  ვინ არის და რა შეხედულებები აქვს სომხეთის აქციების ლიდერს.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად,  23 მარტს ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  • 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებდა.
  • მალევე, ხელისუფლების სრული გადადგომის მოთხოვნით, სომხეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები განახლდა, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს.

აქცია ერევანში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით; ფოტო: Narek Aleksanyan

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი