ახალი ამბები

უეს მიტჩელი საქართველოს: რაც უფრო ძლიერები ხართ თქვენ, უფრო ძლიერია დასავლეთი

30 აპრილი, 2018 • 2742
უეს მიტჩელი საქართველოს: რაც უფრო ძლიერები ხართ თქვენ, უფრო ძლიერია დასავლეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უეს მიტჩელმა თბილისში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა, რომ აშშ აქტიურად უჭერს  მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირისკენ, აშშ დგას საქართველოს გვერდით და მასთან სტრატეგიული პარტნიორობითა და მეგობრობით ძალიან ამაყობს.

“ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც მხარს უჭერს ალიანსის ღირებულებებს, რომელსაც წვლილი შეაქვს ჩვენს ერთიან უსაფრთხოების გეგმაში. საქართველო ჩვენთვის ძლიერი პარტნიორია იმიტომ, რომ ჩვენ გვერდით დგას საერთო საფრთხეებთან ბრძოლის დროს. თქვენი ვაჟები, თქვენი ქალიშვილები იმავე ბრძოლის ველზე იბრძვიან, როგორც ჩვენი ჯარისკაცები, ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ ასევე ვართ პარტნიორები იდეების სამყაროში იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფება, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო რწმენა.

საქართველო თავისუფლების ძალიან ძლიერი მაგალითია. არცერთ ქვეყანას, გარდა  საქართველოსი, არ შეუძლია, საქრთველოს მომავალი გადაწყვიტოს, არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუძლია, ვეტო დაადოს საქარველოს ნატოს წევრობას. სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა – ეს არის თქვენი ინტერესი, ასევე, ევროპისა და ამერიკის ინტერესი,” – განაცხადა მან.

როგორც უეს მიტჩელმა აღნიშნა, ამ ზაფხულს იქნება 10 წლის იუბილე ბუქარესტის დეკლარაციისა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. მისივე თქმით, ალიანსი მხარს უჭეს ამ დეკლარაციას, ასევე ამას მხარს უჭერს პრეზიდენტი ტრამპი და ყველა მხარეს იმავე მხარდაჭერის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

უეს მიტჩელმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავისი ძალები კონფლიქტამდე მდგომარეობაში დააბრუნოს და შეწყვიტოს ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება.

მიტჩელმა ასევე ისაუბრა, რომ აფასებენ საქართელოს მუშაობას ამ მიმართულებით და მხოლოდ სამშვიდობო ინიციატივებით არის შესაძლებელი ტერიტორიების უკან დაბრუნება და ხალხთა შორის ურთიერთობის გაძლიერება.

“რუსეთთან დიალოგი უნდა განვითარდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუმცა ნებისმიერ აგრესიას და მათ სამხედრო მოქმედებას ასევე სწორ შეფასებას მივცემთ. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რუსეთის უკანონო ჩარევა ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ პოლიტიკაში და ამას დავუპირისპირდებით ისევე, როგორც საქართელო უპირისპირდება. საქართველოს ძალა ამ საფრთხის წინაშე ნამდვილად აღსანიშნავია და ჩვენთვის ეს არის შთაგონების წყარო და მაგალითი. თქვენ ცივილიზაციისთვის სტრატეგიული მნიშნელობის საზღვარზე დგახართ. მინდა, თქვენი ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ბატონი ზურაბ ჟვანიას სიტყვები მოვიშველიო, რომელიც 1999 წელს გაახმიანა, “მე ვარ ქართველი და მასაშადამე, ევროპელი” – ეს სიტყვები ყველასთვის შთამაგონებელია,” – განაცხადა უეს მიტჩელმა სიტყვით გამოსვლისას.

მიტჩელმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მიიწევს წინ ინსტიტუციური რეფორმის გზაზე და რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა. მანვე თქვა, რომ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უწონებენ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთის ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

“მოვუწოდებთ საქართელოს მთავრობასა და პარლამენტს, გააძლიეროს მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ეს აუცილებლად უნდა იყოს არა  მხოლოდ რეფორმის გატარება, ამის რეალურად პრაქტიკაში ასახვა,”- განაცხადა უეს მიტჩელმა.

მან ასევე ისაუბრა თავდაცვის გაძლიერების კუთხით საქართელოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

“ვესაუბრე ამერიკელ სამხედრო ოფიცრებს და ისინი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ საქართელოს, როგორც პარტნიორს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი აქვს სამხედრო მონაწილეობის თვალსაზრისით ერაყსა და ავღანეთში, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ამერიკისთვის ძალიან მნიშნელოვანია ეს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს და თითოეული ამ ჯარისკაცის ოჯახს, რომელთა სისხლიც დაიღვარა,”- განაცხაცდა უეს მიტჩელმა.

მისივე თქმით, აფასებენ საქართველოს შემოთავაზებას პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასთან და გაძლიერებასთან დაკავშირებით და მზად არიან, უფრო მეტი იმუშაონ რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რაც ძალიან მნიშნელოვანია საქართელოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.

“საქართველოსა და ნატოს აქვს ყველა ის ინსტრუმენტი, ყველა ის გზა, იმისათვის, რომ ეს გაძლიერდეს. რაც უფრო ძლიერები ხართ თქვენ, უფრო ძლიერია დასავლეთი და ამ ყველა მიმართულებით ამერიკა მხარს უჭერს საქართელოს. უკვე მეოთხედი საუკუნეა, ვდგავართ ერთად და ვართ პარტნიორები. რუსეთის აგრესიის მეათე წელს კი გილოცავთ დამოუკიდებლობას და საქართველოსა და ამერიკას ხანგრძლივ პარტნიორობასა და სიკეთეს ვუსურვებ,”- განაცხადა მიტჩელმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს.


უეს მიტჩელმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში 2017 წლის 12 ოქტომბრიდან დაიკავა. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ის მუშაობს ევროპისა და აზიის 50 ქვეყანასთან, ასევე ნატოსთან, ევროკავშირთან და ეუთოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მიმართულებით. იგი დღეს საქართელოში ნატო-საქართველოს სახალხი დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ჩამოვიდა.

30 აპრილს და 1-ელ მაისს თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი იმართება. ფორუმი ტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით.

ფორუმზე იმსჯელებენ საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლზე, ნატოს კომუნიკაციის სტრატეგიაზე რეგიონში, ყალბი ინფორმაციის ეპოქის თავისებურებებზე და რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე, ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობაზე თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი