ახალი ამბები

სააკაშვილი უგულავას და მის თანაპარტიელებს “ოცნების” წინააღმდეგ გაერთიანებას სთავაზობს

29 აპრილი, 2018 • 2907
სააკაშვილი უგულავას და მის თანაპარტიელებს “ოცნების” წინააღმდეგ გაერთიანებას სთავაზობს

მიხეილ სააკაშვილი ხონსა და ვანში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხმაურება, რომელშიც წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დაამარცხა.

“მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში”, – აცხადებს სააკაშვილი.

გუშინ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ამსტერდამში გამართა. ვიდეომასალას შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიური გაერთიანების ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს, თუმცა, თავად შეხვედრა დახურული იყო.

“საქართველოს არსებობა არის საფრთხის წინაშე, ოლიგარქიული ურჩხული ახრჩობს საქართველოს საზოგადოებას, თითოეულ ოჯახში აქვს თავისი მარწუხები შეყოფილი. ჩვენი სამიზნე არის ერთი. ამ ურჩხულს აქვს სახელი და გვარი, სამწუხაროდ, ის არის დღეს საქართველოს არაფორმალური მფლობელი და არა მმართველი. ის ცდილობს, რომ საქართველოს თითოეული მცხოვრები ბანკების მეშვეობით, სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, აქციოს ყმებად, მონებად და დაამციროს, ქონება და ღირსება წაართვას,“ – განმარტა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთანაც და კოალიციის საბოლოო ფორმირებამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა შედგება.

პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს  შორის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დაესწრნენ, არიან: მამუკა გამყრელიძე- “ახალი ერთობა საქართველოსთვის”; შოთა მალაშხია; ზურაბ ხარატიშვილი – ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” ; ნიკა მელია – “ერთიანი ნაციონალური მძრაობა”; ბაჩუკი ქარდავა – “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”; პაატა დავითაია – “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”; ნიკა მაჭუტაძე – „სახელმწიფო ხალხისთვის“,  პაატა მანჯგალაძე – “ერთობა – ახალი საქართველო”.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ, დავით ბაქრაძემ და ენმ-ის სხვა ლიდერების დიდმა ნაწილმა ენმ დატოვა და ახალი პოლიტიკური გაერთიანება ევროპული საქართველო ჩამოაყალიბა.

შენიშვნა

სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ ამსტერდამში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა მამუკა გიორგაძეც (“ჩვენები – სახალხო პარტია”), რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი