ახალი ამბები

პრეზიდენტის ძველი და მომავალი რეზიდენცია

18 ნოემბერი, 2013 • • 2473
პრეზიდენტის ძველი და მომავალი რეზიდენცია

განცხადებებს კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს. წერილები “პრეზიდენტის ადმინისტრაციის” სახელზე იწერება. 

 

ავლაბრის რეზიდენციაში კანცელარიის გარდა, როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, სხვა არავინაა. მათივე თქმით, გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. 

 

ადმინისტრაციის შენობაში დღეს თბილისის მერიიდან ორი სავარძელი და მაგიდა შეიტანეს. როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელი ამბობს, აღნიშნული ავეჯი მერიაში იყო წაღებული და ახლა დააბრუნეს.

 

რეზიდენციიდან წაღებული ავეჯი, მერიიდან უკან დააბრუნეს
რეზიდენციიდან წაღებული ავეჯი, მერიიდან უკან დააბრუნეს

 

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში, რომლის მშენებლობაც 2004 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა, არ იმუშავებს.

 

მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილმა დაუთმო თავისი სამუშაო კაბინეტი მთავრობის კანცელარიის შენობაში, მე-10 სართულზე, სადაც იქამდე დარჩება, სანამ პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობა არ დასრულდება ათონელის #25-ში. მთავრობის კანცელარიაში, მე-13 სართულზე იმუშავებს ასევე მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

 

ათონელის 25-ში მდებარე შენობა ამჟამად ხარაჩოებშია ჩასმული და მისი შიდა სარემონტო და ეზოს მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოებს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ახორციელებს.

 

 

მშენებლობა ათონელის 25-ში
მშენებლობა ათონელის 25-ში

 

შენობას ამჟამად სახელმწიფო დაცვა ჰყავს. ისინი არ აკონკრეტებენ, რა მიზნით შენდება შენობა: 

 

“ჩვენ მუშების სია გვაქვს, ვინც უნდა შემოვიდეს აქ. მეტი არაფერი ვიცით,”- ამბობს დაცვის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი. 

 

ათონელის ქუჩაზე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა. საკითხს საიდუმლო გრიფი ედო, რომელიც მიმდინარე წლის 21 თებერვალს მთავრობის სხდომაზე მოეხსნა. მაშინ გაირკვა, რომ სამუშაოებს კომპანია „არტესი” ასრულებდა, რომლისთვისაც 16 მილიონ 100 ათასი ლარი უკვე გადახდილი იყო წინა ხელისუფლების დროს.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას თქმით, ამ თანხით სამუშაოების ნაწილი “არტესს” შესრულებულად ჩაეთვალა, თუმცა სახელმწიფო ამ კომპანიას დაახლოებით 4 მილიონამდე თანხის უკან დასაბრუნებლად ედავება, რაზეც საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას აქვს გადაცემული.

 

„ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ცალკე შენობა ჰქონდეს. ამიტომ პრემიერ-მინისტრი საქმიანობას მთავრობის კანცელარიის შენობაში გააგრძელებს. კანცელარია არ არის მთლად კარგ მდგომარეობაში, მაგრამ სრული ინფრასტრუქტურაა იმისათვის, რომ ვიმუშაოთ”, – ეს განცხადება მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა.

 

მოგვიანებით, მიმდინარე წლის ივლისში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ათონელის 25-ში პრეზიდენტის რეზიდენცია მოეწყობოდა. როგორც ირკვევა, მას შემდეგ, რაც ამ მისამართზე პრეზიდენტის სასახლის მოწყობა გადაწყდა, საკითხს ავტომატურად საიდუმლო გრიფი მიენიჭა. შოთა მურღულიას თქმით, ამას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი ითვალისწინებს.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის მშენებლობა 2014 წლის მაისში დასრულდება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი ათონელის 25-დან გააგრძელებს ქვეყნის მართვას. შოთა მურღულიას თქმით, მშენებლობა დაახელობით 21.5 მილიონი ლარი დაჯდება:


 

“წინა ხელისუფლების პირობებში რაც იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, 7-8 მილიონით იაფი დაჯდება. იმიტომ, რომ ისინი რა მასალითაც აკეთებდნენ და რა სტანდარტითაც აპირებდნენ ამის გაკეთებას, ჩვენ, ახალი პრეზიდენტის მიდგომიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გავამარტივეთ, რომ ეს არ იყოს რაიმე ფეშენებელური, არამედ იყოს ჩვეულებრივი შენობა, შესაბამისი უსაფრთხოების წესებით დაცული”.

 

მურღულიას თქმით, ჯერ საბოლოოდ არ არის შერჩეული პროექტი, თუ როგორი იქნება ვიზუალურად პრეზიდენტის ახალი სასახლე:

 

“ძველი პროექტის ვიზუალი შეიცვალა იმიტომ, რომ გარედან იყო ძალიან ძვირადღირებული მასალით მოპირკეთებული, ახალი ხელისუფლების მიდგომა იყო, რომ მაქსიმალურად გავაიაფოთ და ფეშენებელური მასალა არ უნდა იყოს. ლამაზი შენობა იქნება გარედან, მაგრამ არაძვირადღირებული მასალა.”

 

მისივე თქმით, დაახლოებით 1500-2000 კვადრატული მეტრი ფართობი იქნება გათვალისწინებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამუშაო სივრცისთვის:

 

“ეს საკმაოდ მოკრძალებული შენობა იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეყოფა, არც ბევრი ფართი არ მორჩებათ და არც დააკლდებათ ფართი, ზუსტად არის გათვლილი.”

 

რაც შეეხება ავლაბარში მდებარე სასახლეს, წინასწარი ინფორმაციით, ეს შენობა განათლების სამინისტროს გადაეცემა, რათა შემდეგ მასში ტექნიკური უნივერსიტეტი განთავსდეს. დღემდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა თანხა დაჯდა სასახლის მშენებლობა. ამ საკითხზე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წელს გააკეთა განცხადება:

 

“თანხობრივად ამ სასახლის აშენება დაჯდა დაახლოებით  პროცენტის მეხუთედზე ნაკლები მთელი საბიუჯეტო ხარჯების, რომელიც გაწია ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი