ახალი ამბები

ISFED გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს

29 აპრილი, 2018 • 1510
ISFED  გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს

“სამართლიანი არჩევნები”, რომელიც 28 აპრილის პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ხონისა და ვანის #54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა, არჩევნებს აჯამებს. 

 გთავაზობთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ შეფასებას:


ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხმის მიცემის, უბნების დახურვის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებზე გამოკვეთილ ტენდენციას წარმოადგენდა გადასატანი ყუთის საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რაც საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უტოლდებოდა ან აღემატებოდა საარჩევნო კოდექსით დადგენილ 3%-იან ზღვარს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, სადაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფი ამომრჩეველი აღემატება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლების 3 პროცენტს, აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის დამატებით შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. აღნიშნულ საკითხზე, #53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის 26 აპრილის #13/2018 განკარგულება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა შესაძლოა ქმნიდეს საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს, რადგან გადასატანი ყუთით, ხმის მიცემის პროცედურების თავისებურებიდან გამომდინარე, მეტია ასეთი მანიპულირების საშუალება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 4 საჩივარი წარადგინა საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირა 5 შენიშვნა.

[red_box]დარღვევები[/red_box]

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს 6 დარღვევა.

  • #54-53 (ვანის) ოლქის #13 და #20 საარჩევნო უბნებზე, #54-55 (ხონის) ოლქის #11 და #12 საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე;
  • #54-53 (ვანის) ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ერთი ორგანიზაციის („ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“) ორი დამკვირვებელი იმყოფებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ ერთ-ერთმა არაუფლებამოსილმა პირმა დატოვა უბანი.
  • #54-55 (ხონის) ოლქის #11 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი არასწორად იქნა შედგენილი, კერძოდ, არასწორად მიეთითა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვაში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი