ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში შეხვდნენ

28 აპრილი, 2018 • 19020
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში შეხვდნენ

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ამსტერდამში გამართა. ვიდეომასალას შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიური გაერთიანების ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს, თუმცა, თავად შეხვედრა დახურული იყო.

“საქართველოს არსებობა არის საფრთხის წინაშე, ოლიგარქიული ურჩხული ახრჩობს საქართველოს საზოგადოებას, თითოეულ ოჯახში აქვს თავისი მარწუხები შეყოფილი. ჩვენი სამიზნე არის ერთი. ამ ურჩხულს აქვს სახელი და გვარი, სამწუხაროდ, ის არის დღეს საქართველოს არაფორმალური მფლობელი და არა მმართველი. ის ცდილობს, რომ საქართველოს თითოეული მცხოვრები ბანკების მეშვეობით, სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, აქციოს ყმებად, მონებად და დაამციროს, ქონება და ღირსება წაართვას,“ – განმარტა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთანაც და კოალიციის საბოლოო ფორმირებამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა შედგება.

პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს  შორის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დაესწრნენ, არიან: მამუკა გამყრელიძე – “ახალი ერთობა საქართველოსთვის” ; შოთა მალაშხია – “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია”ზურაბ ხარატიშვილი – “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”; ნიკა მელია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; ბაჩუკი ქარდავა – “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”; პაატა დავითაია – “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”; ნიკა მაჭუტაძე – „სახელმწიფო ხალხისთვის“; პაატა მანჯგალაძე – “ერთობა – ახალი საქართველო”.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ ამსტერდამში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა მამუკა გიორგაძეც (“ჩვენები – სახალხო პარტია”), რაც არ შეესაბამება სიმართლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი