“კოორდინატორები” საარჩევნო უბნებთან – შუალედური არჩევნები 2018

წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, ე.წ. კოორდინატორები არიან მობილიზებული საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხონსა და ვანში, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

ნეტგაზეთის რეპორტიორებმა კოორდინატორები ნახეს როგორც ხონის, ასევე ვანის საარჩევნო უბნებთან.

კოორდინატორები ვანში

ქალაქ ვანში სულ საამი საარჩევნო უბანია. აქედან ორი – პირველი და მეორე საარჩევნო უბანი სკოლის შენობაში მდებარეობს, მესამე კი, საბავშვო ბაღში. სამივე საარჩევნო უბანზე კოორდინატორები არიან მობილიზებული.

საარჩევნო უბნის მიმდებარე  ტერირორაზე ამომრჩევლების მისვლას აღრიცხავენ როგორც ” ქართული ოცნების “,  ისე “ევროპული საქართველოს” კოორდინატორები. სწორედ ეს ორი პარტიაა შუალედურ არჩევნებზე ერთმანეთის მთავარი კონკურენტი.

ის ადამიანები, რომლებიც ნეტგაზეთს სამთავრობო ძალის კოორდინატორებად გაეცნენ, ამბობენ, რომ ევალებათ ამომრჩეველთა აღწერა –  თუ ვინ მოვიდა არჩევნებზე. მათთან ერთად ყოფნისას ხშირად მოისმენთ, ” ჩემგან 20 მოვიდა “, “ჩემი უბნიდან კი ცოტა დარჩა მოსასვლელი”.

ისინი ამბობენ, რომ კოორდინატორის სამუშაოს, როგორც წესი, წინა ორი თვის განმავლობაში ეწევიან, მაგრამ ამ არჩევნების შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. “ოცნების” კოორდინატორები ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება თვეში 150 ლარია და უშუალოდ არჩევნების დღეს დამატებით ანაზღაურებას არ იღებენ.

ერთ- ერთი კოორდინატორი ამბობს, რომ  რომ მათი მიზანი ერთთვიანი მუშაობის დროს იმის აგიტაციაა, რომ მოქალაქეები არჩევნებზე მოვიდნენ. ასევე, არჩევნების დღეს აკვირდებიან, რამდენად გამოიღო შედეგი მათმა შრომამ.

კოორდინატორები ხონში

ხონის მუნიციპალიტეტში 29 საარჩევნო უბანია, აქედან 6 უბანი ქალაქ ხონში, დანარჩენი კი სოფლებშია გადანაწილებული.

ხონში, 27-ე საარჩევნო უბანის მიმდებარე ტეროტორიაზე მობილიზებული არიან კოორდინატორები, რომლებიც სიებით ხელში ამოწმებენ, ვინ მიდის ხმის მისაცემად და ვინ არა. ჩვენთან საუბრებში ამბობენ, რომ კოორდინატორებს წინასწარ აქვთ შესწავლილი, ვინ მიდის არჩევნებზე მათი მხარდამჭერი და გარკვეული დროის შემდეგ, თუ ისინი არ მივლენ უბანზე, ურეკავენ პოტენციურ მხარდამჭერს და ტრანსპორტირებას სთავაზობენ. ისინი ამბობენ, რომ ძალდატანებას ადგილი არ აქვს.

კოორდინატორები ნახა ნეტგაზეთმა არა მარტო 27-ე უბანზე, არამედ მე-3 და 26-ე უბნებზე. თუმცა ისინი ჟურნალისტებთან საუბარს ძირითადად თავს არიდებენ.


ავტორები: ელენე ხაჭაპურიძე, მიშა მეფარიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი