ახალი ამბები

ISFED: გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა ოდენობა მანიპულაციის საფრთხეს ქმნის

28 აპრილი, 2018 • 1402
ISFED: გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა ოდენობა მანიპულაციის საფრთხეს ქმნის

“სამართლიანი არჩევნები”, რომელიც 28 აპრილს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ხონისა და ვანის #54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება, აცხადებს, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა მაღალი რაოდენობაა, რაც საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს ქმნის.

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით,  #54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 34 საარჩევნო უბნიდან, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, 18 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა თითოეულ უბანზე აღემატება საარჩევნო კოდექსით დადგენილ 3%-იან ზღვარს, ხოლო დანარჩენ 16 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა 3%-ია ან თითქმის 3%-ს უტოლდება.

ამ 34 უბნის მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, ჯამში, შეყვანილია 1044 ამომრჩეველი.  „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა შესაძლოა ქმნიდეს საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს.

“საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა ქმნის საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს, ვინაიდან გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა ნაკლებად არის დაცული და დაზღვეული გაყალბების საფრთხისგან. გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პირობებში ამომრჩეველს არ უკეთდება მარკირება, არ არის გარანტირებული ხმის მიცემის ფარულობის დაცვა და ხმის მიცემის პროცესს კომისიის მხოლოდ ორი წევრი უზრუნველყოფს” – აცხადებს სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

დარღვევები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, 14 საათის მდომარეობით, დააფიქსირეს 2 დარღვევა.

  • #54-53 (ვანის) ოლქის #13 საარჩევნო უბანსა და #54-55 (ხონის) ოლქის #11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 25 საუბნო, 2 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფისგან.


  • დღეს 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს  #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში [ვანი და ხონი];
  • პარლამენტის მაჟორიტარობისთვის ამ საარჩევნო ოლქში სულ 6 კანდიდატი იბრძვის. “ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძეა, “ევროპული საქართველოს” გიგი უგულავა.
  • შუალედური არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა და დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.
  • ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ათმა ოპოზიციურმა პარტიამ.
  • არჩევნები ტარდება 60 საარჩევნო უბანზე, სადაც, ჯამში, რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი;
  • 12 საათის მონაცემებით ვანსა და ხონში 24.33 % -მა ანუ 11708  ადამიანმა მისცა ხმა
  • საარჩევნო უბნები 20.00 საათზე დაიხურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი