მდუმარე აქცია: 10 წელიწადში სამუშაო ადგილას 473 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს, 28 აპრილს, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა – ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მდუმარე აქცია გამართა. როგორც პროფკავშირების მიმართვაშია ნათქვამი, მათი მონაცემებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საწარმოო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დასაქმებული.

“2018 წელს გარდაიცვალა 18, ხოლო მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამშენებლო და სამთო მოპოვებით სამუშაოებზეა. აღნიშნული სტატისტიკა არ არის სრულყოფილი, რადგან 2006 წლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები აღარ აღირიცხება. საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია,” – ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების მიმართვაში.

მათ თქმით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია 745 000 ადამიანი, რომელთაგან ყოველწლიურად, საშუალოდ 42.4 დასაქმებული, ანუ ყოველ 100 000 დასაქმებულზე საქართველოში 5.7 იღუპება.

ევროკავშირის ქვეყნებში 100 000 დასაქმებულზე დაღუპულთა საშუალო ციფრი შეადგენს 1,8-ს. მათ შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ნიდერლანდებში- 0,6. ხოლო ყველაზე მაღალი რუმინეთში -5,6. ამ სტატისტიკიდან ჩანს, რომ საქართველოში მდგომარეობა ბევრად მძიმეა, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა წილი 3,1-ჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.

“7 მარტს ძალაში შევიდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც შემუშავდა სამმხრივ ფორმატში, სოციალურ პარტნიორებთან ერთად. საქართველოს აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ პროფესიული კავშირების გაერთიანების შენიშვნები გაითვალისწინა ნაწილობრივ, კერძოდ, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება მაღალ საჯარიმო სანქციებს, ზედამხევდელობის ორგანოს მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე ობიექტების ინსპექტირებას, სამუშაო ადგილებზე რისკების შეფასებაში პროფესიული კავშირების წარმომადგენლების ჩართულობას და სხვა. თუმცა კანონი გავრცელდება მხოლოდ იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე, სადაც არის მომეტებული, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო ადგილები,” -ვკითხულობთ პროფკავშირების წერილში.

მათივე განმარტებით, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს“ მხოლოდ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ექნება წელიწადში ერთხელ გეგმური ინსპექტირებისა და შემდგომ, რეინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილება მათ საზედამხედველო ობიექტებზე. სხვა შემთხვევაში კი ზედამხედველობის ორგანოს ინსპექტირების განხორციელება შეეძლება მხოლოდ სასამართლოსთან შუამდგომლობით.

“აღნიშნული კანონი არ შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კოვენციებს, კერძოდ, 155-ე კონვენციას „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ და 81-ე კონვენციას „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“. 155-ე კონვენციის „შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ თანახმად, კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უნდა ვრცელდებოდეს ყველა საწარმოსა და ორგანიზაციაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე, ხოლო 81-ე კონვენციის „შრომის ინსპექციის შესახებ ვაჭრობასა და მრეწველობაში“ მიხედვით, შრომის ინსპექციას უნდა გააჩნდეს უფლებამოსილება ინსპექტირების განხორციელების, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა საკითხებზე ნებისმიერ დროს, როგორც სამუშაო, ისე არ სამუშაო დროის პერიოდში,” – აცხადებენ პროფკავშირებში.

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა დღეს უსაფრთხო შრომითი პირობების მოთხოვნით პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან