ახალი ამბები

ხონი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

27 აპრილი, 2018 • 2790
ხონი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

ხეებსა და კედლებზე გამოკრული პლაკატები, შტაბების წინ მობილიზებული მხარდამჭერები და ქუჩებში მოძრავი სააგიტაციო მანქანები – ხონი 2018 წლის შუალედური არჩევნებისთვის ემზადება.

ხონის მოსახლეობა ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა უმუშევრობა, სიღარიბე და ფაროსანაა, თუმცა არ მოელიან, რომ მათი მოთხოვნები შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარის გამარჯვებით ასრულდება.

ხვალ, 28 აპრილს, ხონისა და ვანის გაერთიანებული მუნციპალიტეტების მოსახლეობა პარლამენტში ახალ მაჟორიტარს აირჩევს. მაჟორიტარობის 4 კანდიდატიდან ძირითად კონკურენტებად გიგი უგულავა (ევროპული საქართველოდან) და გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნებიდან) მიიჩნევიან.

გივი ჭიჭინაძისა და გიგი უგულავას შტაბები რამდენიმე მეტრის მოშორებით ხონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მათი ოფისების წინ ხალხმრავლობა შეიმჩნევა, მათი მხარდამჭერები მობილიზებული არიან. თავად გოგი ჭიჭინაძე დღის პირველ ნახევარში საარჩევნო შტაბთან არ გამოჩენილა, შტაბში განგვიცხადეს, რომ იგი ვანში იმყოფება. საარჩევნო შტაბთან  იმყოფებოდა პარლამენტარი მამუკა მდინარეძე. მდინარაძემ გვითხრა, რომ გადატვირთული გრაფიკის და ბიძიანა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებული შეხვედრების გამო ხონში ჩამოსვლა მხოლოდ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შეძლო.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი არა მხოლოდ არჩევნების მოგება, ასევე საარჩევნო დღეს მშვიდობის და წესრიგის უზრუნველყოფაა, რადგან როგორც მმართველ გუნდს, პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ:

“ვფიქრობთ, რომ გვაქვს იმედის საფუძველი. ჯერ ერთი, კანდიდატის ვინაობიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, დღეს მთავარ კონკურენტად უგულავა განიხილება, ნებისმიერ ადამიანი, როდესაც შეხედავს გიგი უგულავას, ალბათ ახსენდება ნაციონალური მოძრაობა, და როდესაც გივი ჭიჭინაძეს შეხედავს, ახსენდება ყველაფერი ქართული, ტრადიციული, ხელოვნებასთან დაკავშირებული, ასევე, ბოლო წლებიდან გამომდინარე, პროფესიონალიზმთან დაკავშირებული”.

“ევროპულ საქართველოსაც” თავისი წევრები გადანაწილებული ჰყავს ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ საარჩევნო უბნებში.  გიგი უგულავა დარწმუნებულია გამარჯვებაში და ამბობს, რომ ეს არჩევნები პირველი სერიოზული მარცხი იქნება “ქართული ოცნებისთვის”

“ბატონ ჭიჭინაძეს ჯერ ერთი, რომ არანაირი ცნობადობა არ აქვს, ის 4 წელი იყო ამ რაიონის და რეგიონის გუბერნატორი, შესაბამისად, ყველა დაგროვებული პრობლემის და ერთი სიტყვით ეს პრობლემები არის უპატრონობა, თავწყარო არის ბატონი ჭიჭინაძე. ამიტომ მისი შანსები დაბალია. ის, რა თქმა უნდა, ნომრით მუშაობს, ამიტომაა რომ არცერთ დებატში, არცერთ ეთერში არ წამოვიდა. მეტსაც გეტყვით, ბოლო ერთი კვირაა ჩვეულებრივი ეთერებიდანაც იმალება იმიტომ, რომ არაფერი არ აქვს სათქმელი”,- ამბობს უგულავა,

ხონის ცენტრში მდებარე ბილდბორდზე ოცნების კანდიდატი გივი ჭიჭინაძეა გამოსახული. დეკლარაციის მიხედვით, ოცნებას ხონში 2 ბილდბორდი აქვს იჯარით აღებული, ერთი კი- ვანში. ხონში მდებარე არაერთ ხეზე დაპირისპირებული კანდიდატების პლაკატებია გაკრული.

ხონის მაცხოვრებლები, ვისაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობენ, რომ ორივე კანდიდატი მართავდა შეხვედრებს მოსახლეობასთნ, თუმცა მათი ნაწილი, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებიც, ამბობენ, რომ გიგი უგულავას შტაბი შედარებით მეტად აქტიურობდა.

გიგი უგულავა დაახლოებით სამი თვეა სოფელ სულორში ცხოვრობს და ასე ეწეოდა წინასაარჩევნო კამპანიას. მის ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, მოსახლეობასთან შეხვედრების გარდა, მიწათმოქმედებთან ერთად კარტოფილის დათესვაშიც მონაწილეობდა. საარჩევნო კამპანიის დროს მასთან ერთად ევროპული საქართველოს ლიდერები: გიგა ბოკერია, დათო ბაქრაძე, გიგი წერეთელი, ელენე ხოშტარია, ხათუნა გოგორიშვილი, ირმა ნადირაშვილი, აკაკი ბობოხიძე მონაწილეობდნენ.

აუდიტის სამსახურში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 26 თებერვლიდან 8 აპრილამდე პერიოდში “ევროპულ საქართველოს” 53 357 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული.

გივი ჭიჭინაძემ საარჩევნო კამპანია 30 მარტს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. წარდგენას თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა ესწრებოდნენ.

გარდა იმისა, რომ გივი ჭიჭინაძე კანდიდატად წარდგენამდე იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორად მუშაობს (ხონი და ვანი იმერეთის მუნიციპალიტეტებია), მას მთავრობის წევრები და ცნობადი სახეებიც დაჰყვებოდნენ მოსახლეობასთან შეხვედრებზე.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, მსახიობები- კახი კავსაძე, ჯემალ ღაღანიძე და დავით ტატიშვილი ედგნენ გვერდით.

როგორც შეხვედრების დროს გავრცელებული ტექსტებიდან ჩანს, მთავრობის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებზე ხაზს უსვამდნენ მთავრობის დაწყებულ ინიციატივებს სხვადასხვა მიმართულებით. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც ყურადღებას ამახვილებდა მისი გუბერნატორობის დროს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაზე.

გივი ჭიჭინაძე შეხვედრების დროს საუბრობდა სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობაზე, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე.

აუდიტის სამსახურში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 26 თებერვლიდან 8 აპრილამდე პერიოდში პარტიას არც ფულადი და არც არაფულადი შემოწირულობა არ მიუღია. პარტიამ წინასაარჩევნოდ რეკლამისთვის დახარჯა მხოლოდ გარე რეკლამის ხარჯი. 18 538 ლარად სამ ბილდბორდზე რეკლამა განათავსა – ერთი ვანში და ორი ხონში.

“ქართულმა” ოცნებამ 5 225 ლარი დახარჯა 36 კოორდინატორისა და სიების დამზუსტებელი პირების ანაზღაურებისთვის.

“ჩვენ დამოკიდებული არ ვართ ადამიანებზე, რომლებიც საარჩევნო აგიტაციას ეწევიან. ესაა ერთ-ერთი სეგმენტი. გარდა ამისა, ათეულობით შეხვედრა გამართა თავად გივი ჭიჭინაძემ და ესეც მნიშვნელოვანი სეგმენტია”.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის მაცხოვრებელმა მარეხ გოქაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ რამდენიმე კვირის წინ მის სოფელში შიდა გზების დაგება დაიწყეს. იგი ამბობს, რომ ორივე კანდიდატმა გამართა შეხვედრები მოსახლეობასთან, თუმცა თავად არ დასწრებია ამ შეხვედრებს.

“ხალხს ყველაფერის იმედი დაკარგული აქვს. დაიღალა ხალხი დაპირებებით”, – გვეუბნება მარეხ გოქაძე.

გუშინ, 26 აპრილს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის გაზმომარაგების ქსელი გაეშვა.მამუკა მდინარაძეს ვკითხეთ, უკავშირდებოდა თუ არა ეს მოვლენა წინასაარჩევნო პერიოდს. მისი თქმით, ქვეყანაში პრაქტიკულად ყოველ წელსაა არჩევნები და ხელისუფლება ამის გამო მუშაობას ვერ შეწყვეტს:

“დარწმუნებული ვარ, ორი თვის წინაც იყო და იმის გამო, რომ არჩევნებია, მე ვფიქრობ, რომ საქმის კეთება არ უნდა გავაჩეროთ. სხვათა შორის, შარშანაც, შარშანწინაც ისმებოდა ეს შეკითხვები. მართლა სულ არჩევნებია და საქმის კეთებას ვერ გავაჩერებთ. ეს უნდა გაგრძელდეს და ძალიან კარგი, არჩევნების წინაც თუ დაინახავს ვინმე, რომ საქმეს აკეთებს ეს ხალხი”,- ამბობს მდინარაძე.

მარეხ გოქაძემ გვითხრა, რომ კარგი იქნება, რომ სოფელში გარე განათებები დაამონტაჟონ. ასევე ამბობს, რომ ფაროსანა სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიმინდს, ხილს, კარალიოკს, მანდარინს, ფორთოხალს. ფაროსანა ხონის სოფლებს უფრო აწუხებს, ვიდრე ქალაქს. გამგეობის წინ სპეციალურავზიანი ავტომობილები დგას, რომლებიც როგორც მოსახლეობა ამბობს, ელოდება ღამის პერიოდში თბილი ამმინდის დადგომას, რათა ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლა დაიწყონ.

ხონის მცხოვრები, რომელიც ციალას სახელით გაგვეცნო ამბობს, რომ ხონში, ისევე როგორც საქართველოში, უმუშევრობაა. იგი ხაზს უსვამს, რომ ახალგარზდები უმუშევრები არიან, თავად კი პენსიის მომატება სურს

“ორივე აქტიურობს, რომელი გაიმარჯვებს, ვერ გეტყვით. ყველა მთავრობა ყველაფერს გვპირდება.  დაპირებით კი გვპირდებიან, მაგრამ ვნახოთ, ზოგი გვპირდება პენსია მოიმატებსო. მე თვითონ პენსიონერი ვარ და მინდა მოიმატოს”, – ამბობს ციალა.

კიდევ ერთი მაცხოვრებელი, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა, თუმცა გვითხრა, რომ ექიმია და მთიან სოფელში ცხოვრობს, ამბობს, რომ “მთიდან ქარს მოაქვს ფაროსნები”.

“ფაროსანის საწინააღმდეგო საშუალებები დაგვირიგეს, მაგრამ ტოტალურად თუ არ იბრძოლეს. ბევრია დაკეტილი და მიტოვებული სახლი, სადაც ფაროსანები ცხოვრობენ. ფაროსანის პრობლემა მთელი ქვეყნის პრობლემა უნდა იყოს”, – ამბობს ექიმი.

“ნეტგაზეთმა” როგორც გიგი უგულავას, ისე,გოგი ჭიჭინაძის გუნდის წარმომადგენელ მამუკა მდინარაძეს ჰკითხა, როგორ აპირებენ ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემების მოგვარებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უგულავა და მისი გუნდი არ არის ხელისუფლებაში:

თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ მისი გამარჯვება ხელისუფლებას აიძულებს, ხალხის პრობლემებს მიხედოს:

“ბოლო გამარჯვებულს აქვს მეტი ლეგიტიმაცია, აგერ მე და აგერ თქვენ, წააგებს “ქართული ოცნება” და პარლამენტში აუცილებლად დადგება პენსიების გაზრდის საკითხი. ასევე მოხდება აქაური ბიუჯეტის რევიზია… ესაა პოლიტიკური შეკავების მექანიზმი”.

მდინარაძე ამბობს, რომ “ქართული ოცნებისთვის” და მისი კანდიდატისთვის მთავარი სიძლიერე მათ გულწრფელობაშია:

“მთავარია, გულწრფელი იყო საზოგადოების წინაშე და უთხრა სიმართლე, ორ დღეში და წელიწადში რადიკალურ გარდატეხას ჩვენს მსგავს ღარიბ ქვეყანაში ვერავინ მოახერხებს. უამრავი გაჭირვებული ადამიანია, წლები გავა და ამდენი არა, მაგრამ გაჭირვებული ადამიანები მაინც იქნებიან. აქედან გამომდინარე, ხალხი ხედავს, რომ ყველაზე გულწრფელი და ჯანსაღი ძალა, რომელიც არ ატყუებს, ადამიანზეა ორიენტირებული, მის უფლებებს იცავს, დემოკრატიის ხარისხს იცავს, “ქართული ოცნებაა”- ამბობს მდინარაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი