ახალი ამბებისაზოგადოება

ტანძიაში პროტესტი გრძელდება – ემუქრება თუ არა RMG-ის საქმიანობა კულტურულ მემკვიდრეობას?

28 აპრილი, 2018 • 4360
ტანძიაში პროტესტი გრძელდება – ემუქრება თუ არა RMG-ის საქმიანობა კულტურულ მემკვიდრეობას?

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში კომპანია RMG-ის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. კომპანია სოფელთან ახლოს, ე.წ. ბნელიხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების დაწყებას გეგმავს. ადგილობრივები სოფლის მიმდებარედ სამანქანო გზა 3 კვირაა ბლოკირებული აქვთ, რადგან შიშობენ, რომ პროცესი ადგილზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დააზიანებს და საფრთხეს შეუქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანთა ჯანმრთელობას.

ბოლოს დაპირისპირება ადგილზე 26 აპრილს მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, გადაწყვიტეს, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნით ადრე ტყე გაიჩეხა, სიმბოლურად ნერგები დაერგოთ. თუმცა მათ ამის საშუალება დაცვის პოლიციის რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა არ მისცა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვაჟა ქურდიანძე ადგილზე კომპანიის მიერ ჩატარებულ კვლევებს არ ენდობა და მიიჩნევს, რომ ოქროს მოპოვების პროცესთან და თანმდევ აფეთქებებთან კულტურის ძეგლების მდგრადობა შეუთავსებელი იქნება. საუბარია ფიტარეთის მონასტერსა და ხულუტის ციხეზე.

“საზომები, რომლებიც აფეთქების დროს გამოწვეულ შესაძლო ზიანს ზომავს, დაყენებულია ციხესიმაგრის ქვედა მხარეს, მყარ კედელზე, რომელსაც საფრთხე არცერთ შემთხვევაში შეექმნება. ციხე მთლიანად რომ აფეთქდეს, მაგას მაინც არაფერი მოუვა. ამიტომ ეს საზომი რეალურ სურათს ვერ აჩვენებს. ამავე დროს, მაგათ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ნაეკლესიარიც. არ გვინდა, აქაურობა კაზრეთს დაემსგავსოს. ამიტომ არ ვუშვებთ ტექნიკას.

გუშინ ვაპირებდით იმ ტერიტორიაზე ასვლას, სადაც ხეები გაჩეხეს და სიმბოლურად უნდა დაგვერგო ნერგები. გაიგეს ეს ამბავი და გამოჩნდა დაახლოებით 60 კაცი, ძირითადად, დაცვის პოლიცია, რომელსაც ჩვენი შეჩერება სურდა. ნაწილი მაიც ავედით, თუმცა უმეტესობამ ფეხით ამოსვლა ვერ შეძლო, მანქანებით კი არ აგვიშვეს”, – უთხრა ვაჟა ქურდიანმა “ნეტგაზეთს”.

მოსახლეობა დაცვის პოლიციის წინააღმდეგ. ფოტო: ვაჟა ქურდიანი

მისივე თქმით, მოსახლეობას აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია ადგილზე ტექნიკის შეყვანას და მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას 30 აპრილისთვის გეგმავს, რის გამოც ე.წ. ბნელიხევში გადაადგილება შეიზღუდა.

კომპანია RMG ადგილობრივების ბრალდებებს კვლავ უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ოფიციალური განცხადება კომპანიამ 20 აპრილს გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელთაც დაადასტურეს, რომ ძეგლებს საფრთხე არ შეექმნება.

“კომპანიის მიერ უკვე ჩატარებულია არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ დაგეგმილი სამუშაოები არ მოახდენს არანაირ უარყოფით ზეგავლენას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. „არემჯი“ აქტიურად თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და სამუშაოების დაგეგმვისას და განხორციელებისას სააგენტო ახორციელებს ძეგლების უწყვეტ მონიტორინგს”, – აცხადებს კომპანია.

RMG-ის მონაცემების სიზუსტეს კითხვის ნიშნის ქვეშ “საყდრისის კომიტეტიც” აყენებს. კომიტეტის წვერი ნინო ბურჭულაძე ეჭვობს, რომ კომპანიის ტერიტორიასთან ახლოს მდებარე ხულუტის ციხის მდგრადობა არასათანადოდ შეისწავლეს. მისი თქმით, უცნობია, როგორ აისახა ციხეზე RMG-ს ტერიტორიასთან მისასვლელი გზის მშენებლობისას მომხდარი აფეთქება, რომელზეც ძეგლთა დაცვის სააგენტო საქმის კურსში არ იყო.

“გზის მოწყობის დროს პირველ აფეთქებაზე მართლაც ჩააყენეს საქმის კურსში ძეგლთა დაცვის სააგენტო და დააყენეს ყალაურები ხულუტის ციხეზე, თუმცა, მხოლოდ ერთ კედელზე, რომელიც არის ძალიან მყარი. სხვა კედლები, მაგალითად, იფშვნება უკვე. მას შემდეგ განხორციელდა მეორე აფეთქება, რომელიც გააპროტესტა ტანძიის მოსახლეობამ და რომლის შესახებაც ძეგლთა დაცვის სააგენტომ არაფერი იცოდა. მას შემდეგ ხულუტის ციხე არავის შეუმოწმებია”, – უთხრა ბურჭულაძემ “ნეტგაზეთს”.

ნინო ბურჭულაძე გასული წლის ივნისში ფიტარეთის ტერიტორიაზე RMG-ის მიერ განხორციელებულ საცდელ აფეთქებასაც იხსენებს, რომელის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ის კომპანიის კვლევების მეთოდოლოგიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“…შარშან ივნისში ჩაატარეს ექსპერიმენტული აფეთქება ფიტარეთის მახლობლად ისე, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტომ ამაზე არაფერი იცოდა. “არ ემ ჯი” მაშინ ამბობდა, რომ ადგილზე იყო მიტანილი სპეციალური ტექნიკა მონიტორინგისთვის და პროცესს სპეციალისტებიც ესწრებოდნენ. ამით მათ გაზომეს, ღია კარიერული წესით სამუშაოების დაწყების შემთხვევაში ბიძგები მისწვდებოდა თუ არა ფიტარეთის მონასტერს. თუმცა იქ არ იმყოფებოდნენ თავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტები. მაშინ განსაზღვრული არ იყო არც კარიერის კონტურები”.

დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთი” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ აღნიშნა, რომ ყველა საცდელი აფეთქება უწყებისგან ნებართვის მიღების შემდეგ ჩატარდა, რომელთაც დაადასტურეს, რომ ადგილზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, RMG-ის ტერიტორიის მახლობლად არც არქეოლოგიური ფენების არსებობა დადასტურდა.

“…კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არქეოლოგიურად ეს ტერიტორია სუფთაა და კულტუროლოგიულ ფენებზე საუბარი არ არის. რაც შეეხება ამ საცდელ აფეთქებებს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყველა ეტაპზე კომპანიას წინასწარი წერილობითი შეტყობინებები ჰქონდა შემოტანილი და ჩვენი საზედამხედველო სპეციალისტების მეთვალყურეობით ხორციელდებოდა პროცესები. ადგილზევე იყო დამონტაჟებული სპეციალური ყალაურები და წარმოდგენილ ანგარიშშიც იყო ასახული, რომ ძეგლებზე აფეთქების ტალღები არათუ გავლენას ახდენდნენ, არამედ ხმაც კი არ ესმოდათ ძეგლებთან მყოფ სპეციალისტებს.

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს: ამის შესახებაც მივიღეთ შეტყობინება RMG-სგან და ეს პროცესიც იქნება პერმანენტული მონიტორინგის ქვეშ. თუკი რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, რეაგირება ნამდვილად გვექნება იმაზე, რომ ფიზიკური ზეგავლენა არ იყოს”, – განაცხადა მან.

თუმცა 2017 წლის ივნისში მომხდარ აფეთქებაზე, რომელზეც “საყდრისის კომიტეტი” საუბრობს, განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც გაავრცელა. მაშინ უწყება აღნიშნავდა, რომ მომხდარი უწყებასთან შეთანხმებული არ ყოფილა. აღნიშნულზე ბარამიძემ განაცხადა:

“უნდა ჩავთვალოთ, რომ ეგ იყო შეუთანხმებელი ქმედება კომპანიის მხრიდან, რომლის შემდეგაც ნებისმიერი მათი ქმედება ხორციელდება ჩვენი მონიტორინგის ქვეშ”.

რას საქმიანობს RMG ე.წ. ბნელიხევში?

კომპანია RMG სოფელ ტანძიასთან, ე.წ. ბნელიხევის ტერიტორიაზე ოქროს მომპოვებელი ღია კარიერის მოწყობას თეთრიწყაროს პროექტის ფარგლენბში გეგმავს. ადგილზე მოპოვებულ წიაღისეულს, ამჟამად მშენებარე გზით, საყდრისის ტერიტორიაზე მოწყობილ სამრეწველო მოედანზე გადასამუშავებლად გადაიტანენ. კომპანიის განცხადებით, მანამდე სამრეწველო ობიექტის მშენებლობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ დამატებითი დაბინძურება აიცილონ, პროექტი შეცვალეს.

მიუხედავად კომპანიის მტკიცებისა, რომ პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტსაც წაადგება(5 160 000 ლარი გადასახადების სახით), ტანძიის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მის განხორციელებას არ დაუშვებენ, რადგან საფრთხე ექმნება როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ისე გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობას.

მოჭრილი ხეები ტანძიასთან. ფოტო: ვაჟა ქურდიანი

გზის მშენებლობის პროცესში ადგილზე 2 916 კუბური მეტრი ხე მოიჭრა. ხეების ჭრის ნებართვა, რომელიც ადგილობრივთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზია, RMG-მ ეროვნულმა სატყეო სააგენტოსგან 2017 წლის 8 მაისს მიიღო. სპეციალური დანიშნულების 11-თვიანი ტყითსარგებლობის უფლების ფარგლებში, მოსაჭრელი რესურსის მარაგი 3 173 კუბურ მეტრს შეადგენდა. სატყეო სააგენტოს ცნობით, კომპანიამ უკვე გადაიხადა კომპენსაცია – 828 602 ლარი, რომელიც მთლიანად ტყის ფონდის აღდგენას მოხმარდება. კომპანია კი ამბობს, რომ საკომპენსაციოდ მარტყოფში ტყის განაშენიანების პროექტსაც ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს უკვე დარგო 6000 ფიჭვის ნერგი, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 25 000 ნერგს დაირგვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი