ახალი ამბები

ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

27 აპრილი, 2018 • 1448
ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, თბილისში, სავაჭრო ცენტრ “პიქსელის” შენობის წინ, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

“საქმე ეხება 2017 წლის 6 სექტემბერს, დილის საათებში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც ბრალდებულმა შ..-მ, “პიქსელ მენეჯმენტის” შენობის მთავარ შესასვლელთან ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს თ. ტ-ს, ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში. ქალს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდებულმა დაადასტურა მომხდარი ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ ქმედების ჩადენისას იყო აფექტურ მდგომარეობაში.

არსებითი განხილვის სხდომებზე, გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, კერძოდ, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ქმედების განხორციელებისას ბრალდებული არ იმყოფებოდა აფექტის მდგომარეობაში, ასევე სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, არ დადასტურდა ბრალდებულის შეურაცხადობა ქმედების ჩადენის დროს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო  დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და მოძალადე ქმარს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”- აცხადებს სასამართლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი