ახალი ამბებიეკონომიკა

ახალი რეგულაცია ბანკებისა და მიკროსაფინანსოების აქტივობას შეამცირებს – ვახტანგ ბუცხრიკიძე

27 აპრილი, 2018 • 3648
ახალი რეგულაცია ბანკებისა და მიკროსაფინანსოების აქტივობას შეამცირებს – ვახტანგ ბუცხრიკიძე

“თი-ბი-სი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს აფასებს. ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, კარგი იქნებოდა,  რეგულაციების ამოქმედებამდე კომერციული ბანკებისთვის უფრო მეტი დრო მიეცათ მომზადებისთვის.

ვადაგადაცილებულ სესხებზე საუბრისას ერთ-ერთი მსხვილი ბანკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასეთი სესხების მოცულობა მართვადია და ამ კუთხით აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ქართულ საბანკო სექტორს კარგი მდგომარეობა აქვს.

„რეგულაციების მოლოდინი საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორში არსებობდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულაციების შესახებ საუბრობდნენ როგორც ეროვნული ბანკის წამომადგენლები, ასევე მთავრობის წევრები.  საბანკო სექტორი ახალ გამოწვევებს მეტნაკლებად მომზადებული ხვდება. უკეთესი იქნებოდა, ამ ცვლილებებისთვის საბანკო სექტორს მეტი დრო ჰქონოდა. ცვლილებების განხორციელება სწრაფ რეჟიმში მოხდა. ეს რეგულაცია ბანკებისა და მიკროსაფინანსოების აქტივობას შეამცირებს. მაგრამ ალბათ კარგად არის დასაფიქრებელი, როგორ მოხდება, რომ ეს თანხები არამართვად სფეროში არ გადავიდეს. ბანკები და მიკროსაფინანსოები დღეს  მართვადი, რეგულირებული სფეროა და  ამ თანხების სხვაგან გადადინება არ მოხდეს,”-აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს, რომლის თანახმადაც, მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა იზღუდება. ახალი რეგულაციები 2018 წლის 7 მაისს შევა ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი