ახალი ამბებიტექნოლოგიები

რუსეთში სოციალური ქსელები, მათ შორის, Facebook, Vkontakte და Twitter დაბლოკილი იყო

27 აპრილი, 2018 • 9837
რუსეთში სოციალური ქსელები, მათ შორის, Facebook, Vkontakte და Twitter დაბლოკილი იყო

რუსეთში რამდენიმე საათის განმავლობაში “ფეისბუკის”, “ვკონტაკტეს”, “იანდექსის”, “ტვიტერის”, “ოდნოკლასნიკის” და “იაჰუს” ინტერნეტ-მისამართები დაბლოკილი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, მისამართები აკრძალული ვებ-გვერდების ოფიციალურ სიაში გუშინ ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შეტანილი. რამდენიმე საათის შემდეგ კი ისინი ე.წ. შავი სიიდან გაქრა. გამოცემის თქმით, მთლიანობაში, 200-მდე IP მისამართი იყო დაბლოკილი.

მომხდარის კომენტრირებისას რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ფედერალურ სამსახურში გნამარტეს, რომ აღნიშნული IP მისამართების დაბლოკვა ტექნიკური მიზეზებით მოხდა და ამჟამად ისინი ხელმისაწვდომია.

მანამდე, რუსეთში სოციალური ქსელი Telegram დაიბლოკა.

მოსკოვის სასამართლომ მარეგულირებლი უწყების მოთხოვნით Telegram-ის აპლიკაციის დაუყოვნებლივ დაბლოკვაზე თანხმობა 13 აპრილს გასცა. ამის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ აპლიკაციამ უარი განაცხადა, სახელმწიფო  ორგანოსთვის გადაეცა დაშიფრული მესიჯების წასაკითხად საჭირო კოდები.

როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახური განმარტავდა, მესიჯებზე წვდომა პოტენციური ტერორისტების გამოსავლენად სჭირდებოდა, თუმცა Telegram-მა უპასუხა, რომ მათი სერვისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მესამე პირებს მათი მომხმარებლის წერილებზე წვდომა არ ჰქონოდათ.

Telegram-ის აპლიკაციას რუსეთსა და აზიაში ფართოდ იყენებენ. მას 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა შორის დიდი ნაწილი აპლიკაციას სწორედ დაშიფრული მიმოწერის გამო იყენებს. კომპანიის განცხადებით, აპლიკაცია საშუალებას აძლევს ჯგუფს, რომელშიც 5 000-მდე ადამიანი შეიძლება გაწევრიანდეს, დოკუმენტები, სურათები თუ ვიდეოები გააგზავნოს უფასოდ  სრული დაშიფრულობის გარანტიით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი