ახალი ამბები

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ენ ტე ვე პლუსს” ავტორიზაცია შეუჩერა

26 აპრილი, 2018 • 6177
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ენ ტე ვე პლუსს” ავტორიზაცია შეუჩერა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსულ სახელმწიფო ტელეოპერატორ “ენ ტე ვე პლუსს” ავტორიზაცია შეუჩერა. კომისიის ცნობით, ავტორიზაციის შეჩერება კომპანიამ თვითონ მოითხოვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული სახელმწიფო კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.

როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, მას შემდეგ, რაც მათ “ენ ტე ვე პლუსთან” ერთად კიდევ ორ კომპანიას (მათ “ენ ტე ვე პლუსთან” კავშირი არ აქვთ) საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა. ამ წერილით რუსულმა კომპანიამ ავტორიზაციის შეჩერება მოითხოვა.

“ენ ტე ვე პლუსმა” ავტორიზაცია საქართველოში 2016 წელს გაიარა და თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურების გაწევის უფლება მიიღო. თავად რუსულმა კომპანიამ 2018 წლის 10 აპრილს თქვა, რომ ისინი საქართველოში შესვლისა და “გეოგრაფიული ექსპანსიისთვის” ემზადებიან. “ენ ტე ვე პლუსის” განცხადებით, საქართველოში შემოსვლა არ არის მხოლოდ ბიზნესპროექტი და მას “სოციალურ მისიადაც” განიხილავენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებდა, რომ მარეგულირებელ კომისიას რუსული “ენ ტე ვე პლუსისთვის” ავტორიზაციის გავლის საშუალება არ უნდა მიეცა, რადგან ამის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.

მარეგულირებლისგან რუსული ტელეოპერატორისთვის ავტორიზაციის შეჩერება პეტიციით მოითხოვა ადამიანთმა ნაწილმა. მათი აზრით, “ენ ტე ვე პლუსის” შემოსვლა ქართულ ბაზარზე რუსეთის პროპაგანდისტული ომის გაგრძელებაა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საია-ს საპასუხოდ აცხადებდა, რომ მათ რუსეთის სახელმწიფო ტელეოპერატორს ავტორიზაცია კანონიერად მიანიჭეს.

“ენ ტე ვე პლუსი” სახელმწფიო მედიაჰოლდინგ “მედია მოსტის” ნაწილია. აღნიშნული ჰოლდინგი 2000 წლამდე რუსეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად იყო განწყობილი, თუმცა 2001 წლიდან მას სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედია” ფლობს და პროსახელისუფლებო პოლიტიკას ატარებს.

NTV Plus საქართველოში – მეტი სივრცე რუსული პროპაგანდისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი