ახალი ამბები

ყოველწლიურად მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც პატიმრობას უსჯიან

26 აპრილი, 2018 • 1302
ყოველწლიურად მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც პატიმრობას უსჯიან

უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში წლიდან წლამდე მცირდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სასამართლოები პატიმრობას უსჯიან. თუმცა ეს არ ხდება უფრო მსუბუქი სასჯელების დაკისრების ხარჯზე. ამის თქმის საშუალებას იძლევა სასამართლო საქმეების სტატისტიკა, რომელსაც უზენაესი სასამართლო ყოველწიურად აქვეყნებს.

2017 წლის სასამართლო სტატისტიკის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოებმა ქვეყნის მასშტაბით 13 834 საქმე განიხილეს, რომელზეც ბრალდებული იყო 14 935 პირი. მათგან თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 3 559 ბრალდებულს, რაც 7 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელზე. ამ წელს სასამართლოში 15 640 ბრალდებულიდან პატიმრობა 3 828 პირს შეეფარდა.

ამ მონაცემებს თუ შევადარებთ უფრო ადრეულ წლებს, საპატიმრო სასჯელის კლების ტენდენცია უფრო თვალსაჩინოა. მაგალითად,  2014 წელს პატიმრობა მიესაჯა 5 949 პირს. 2010 წელს პატიმრობამისჯილთა რაოდენობა კი 9 135 იყო.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებით დამთავრებულ საქმეებს, ბოლო წლებში მათი რაოდენობა ძირითადად,10 000-ის ფარგლებში მერყეობს და მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა.

ბოლო წლებში ასევე ფიქსირდება ზოგადად სასამართლოებში განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა.

თუ 2017 წელს სასამართლოებში 15 372 პირის მიმართ შევიდა სისხლის სამართლის საქმე, 2015 წელს ეს 17 681 პირის მიმართ მოხდა. როგორც ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, პატიმრობამისჯილთა რაოდენობის კლება გამოწვეულია თავად სასამართლოებში განხილული საქმეების კლებით და არა – უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენებით.

თუ 2017 წლის მონაცემებს შევადარებთ 2016 წლისას, დავინახავთ, რომ პროცენტულად იკლებს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სასამართლო უსჯის უფრო მსუბუქ სასჯელს, მაგალითად, ჯარიმას, პირობით მსჯავრს, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

მასალების გადაბეჭდვის წესი