გედევან ფოფხაძე: ჩემი გადაწყვეტილება პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული

გედევან ფოფხაძის თქმით, მისი მომავალი საპარლამენტო უმრავლესობაში პროცესების განივითარებაზეა დამოკიდებული. როგორც დეპუტატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, ჯერჯერობით არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება:

“ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება პროცესები. მე ნამდვილად მინდა ჩემს ქვეყანას ვემსახურო და პოზიტიური შევქმნა. თუ ამ გუნდის ფარგლებში ეს შემეძლება, რატომაც არა, მაგრამ თუ გუნდი იქნებოდა მარტო იმაზე ორიენტირებული, რომ რაღაცა უნდა მივიღოთ და ამაზე აღარ დავილაპარაკოთ, გადასაწყვეტია და ა.შ. გუნდში ეს  კომუნიკაცია თუ არ იქნება, მე ნამდვილად მექნება იმის განცდა, რომ ვიღაცა მიყენებს და უბრალოდ თითის მიმჭერი ვარ. პოლიტიკაში ეს, მარტივად რომ ვთქვა, შეურაცხმყოფელია.  ის გაჭირვება და პრობლემები, რაც მოსახლეობაშია, აქამდე [პარლამენტამდე] უნდა მოვიტანოთ და აქ ვისაუბროთ. ამ განწყობების გამხმოვანებელი ხალხი ბევრი უნდა იყოს” – ამბობს დეპუტატი.

ფოფხაძის თქმით, გუნდში კომუნიკაციის პრობლემა იყო. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემების აღმოფხვრა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით შესაძლებელი იქნება:

“აქ არაა საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონა, განაწყენდა. შეიძლება მე არ მომწონდეს გადაწყვეტილება, არ დავუჭირო მხარი, მაგრამ საჯარო სივრცეში არაფერი ვთქვა, თუ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომუნიკაციის ყველა საჭირო ნაბიჯს გავივლით. მეც ამიხსნიან, რა საქვეყნო მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებას და თუ არ დავეთანხმები, არც იმას გავაკეთებ, რომ ვინმეს ამის გამო საყვედურით მივმართო. ეს კომუნიკაცია არის დასალაგებელი, 115 ადამიანში ეს რთულია” – ამბობს გედევან ფოფხაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება. ყოფილი პრემიერს მისსავე დაარსებული პარტიის თავმჯდომარედ დანიშნავენ.

ივანიშვილის ამ გადაწვეტილებას წინ უძღოდა მმართველ გუნდში დაპირისპირება.

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირების არსებობის შესახებ აქტიური საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას აპირებს და ამის მიზეზად ნინია კაკაბაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩევა დაასახელა. 9 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძის განცხადება გააკრიტიკა პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა. ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კობახიძის რიტორიკა მიუღებელია და მან თავის თავზე უნდა იმუშაოს, დავით ჭიჭინაძემ კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება არ გამორიცხა, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლა “ნურავის ეჩქარება”.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 10 აპრილს განაცხადა, რომ ამ დეპუტატებს, ვინც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, უმრავლესობის ფორმატში დაელაპარაკებიან და სხვა ღონისძიებებზე შემდეგ იმსჯელებენ.

11 აპრილს ნუკრი ქანთარიამ კი განაცხადა, რომ არსებობს უმრავლესობიდან გასარიცხი დეპუტატების სია, რომელშიც, სავარაუდოდ, შედიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი და ნუკრი ქანთარია.

გედევან ფოფხაძემ 13 აპრილს განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდიდან წასვლა-არწასვლის შესახებ, უმრავლესობის სხდომის გამართვის შემდეგ მიიღებს.

ივანიშვილიმა 2015 წელს კატეგორიულად გამორიცხა პოლიტიკაში დაბრუნება და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას, თუ რაიმე უბედურობა მოხდებოდა. ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება დაბრუნების საჭიროება მეორედ მოსვლას შესადარა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.