ახალი ამბები

სააკაშვილი ივანიშვილის დაბრუნებას სომხეთის მოვლენებს უკავშირებს

26 აპრილი, 2018 • 10353
სააკაშვილი ივანიშვილის დაბრუნებას სომხეთის მოვლენებს უკავშირებს

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და მის გადაწყვეტილებას სომხეთში განვითარებულ მოვლენებს და სერჟ სარგსიანის თანამდებობიდან წასვლას უკავშირებს.

“ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას,”- წერს სააკაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დღეს, 26 აპრილს, საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და პარტიას “ქართულ ოცნებას” სათავეში ჩაუდგება. ეს განცხადება კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერების შეკრების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ქართველი მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად 2013 წელს დატოვა, ახლა თანახმაა, რომ კვლავ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდეს.

ივანიშვილი “ქართულ ოცნებაში” გამართულ თათბირს დაესწრო [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი