ახალი ამბებიკომენტარი

ივანიშვილის დაბრუნება ლიდერების ლეგიტიმაციის კრიზისს უკავშირდება – გიორგი ცხადაია

26 აპრილი, 2018 • 2632
ივანიშვილის დაბრუნება ლიდერების ლეგიტიმაციის კრიზისს უკავშირდება – გიორგი ცხადაია

პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება “ქართულ ოცნებაში” ლიდერების ლეგიტიმაციის კრიზისს უკავშირდება.

“გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მისთვის წონიანი ავტორიტეტი არ არის არც პარლამენტის თავმჯდომარე  და არც ვინმე სხვა ლიდერი გარდა ერთისა, რომელიც პოლიტიკაში საერთოდ არ მონაწილეობს. ფოფხაძეს აყვნენ სხვა დეპუტატებიც და მინიშნება იყო იმაზე, რომ უმრავლესობა შეიძლება დაიშალოს. ეს შანსი გარკვეულწილად არსებობს, მაგრამ ძალიან არარელისტურია, საბოლოო ჯამში. მათ პარტიის შიგნით ვერტიკალის და ლიდერებისადმი ავტორიტეტის აღდგენისთვის ყველაზე ავტორიტეტული ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტეს”,- ამბობს ცხადაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ამ პროცესის უფრო ღრმა განზომილება ისაა, რომ პარტია “ქართული ოცნება”მთლიანად ერთი ადამიანის ავტორიტეტზეა აგებული:

“ამ ერთი ადამიანის გარეშე ნებისმიერ პატარა დაპირისპირებას შეიძლებოდა, რომ რაღაც სერიოზული გამოეწვია. ცალკეულ დეპუტატებს და მთავრობის წევრებს საკმარისი ლეგიტიმაცია არც ერთმანეთის და არც მოსახლეობის თვალში არ აქვთ. კახა კალაძესაც კი, რომელიც შედარებით პოპულარული პოლიტიკური ფიგურაა, არჩევნებში ივანიშვილის გარეშე გამარჯვება გაუჭირდება”.

ცხადაია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პერსპექტივიდან უფრო პრაგმატული და კომფორტული იყო აქამდე არსებული რეალობა, როცა პოლიტიკურ ცხოვრებას ფორმალურად ჩამოშორებული იყო, რადგან უშუალოდ ივანიშვილის იმიჯი ასე ნაკლებად ზარალდებოდა.

“ამომრჩევლისთვის ჯობია ის, რაც ახლა ხდება. მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა “ქართული ოცნების” ამომრჩეველი. მნიშვნელოვანია, მმართველი პარტიის მთავარი ავტორიტეტის პოზიცია იცოდე და უფრო ინფორმირებულად მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებზე”,- ამბობს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში დაბრუნების მიუხედავად, ივანიშვილი მაინცდამაინც აქტიური არ იქნება და ეცდება მისი იმიჯი პოლიტიკური პროცესებით ნაკლებად დაზარალდეს:

“თვითონაც ხვდება ალბათ, რომ, რაც უფრო მეტად ჩაერთვება პოლიტიკაში, მით უფრო დაიზიანებს იმიჯს. ვხედავთ, რომ იზრდება იმ ამომრჩევლების რიცხვი, რომელიც არცერთი პარტიის მხარდამჭერებს  არ მიეკუთნება და ხელისუფლების მიმართ პროტესტი იზრდება.  ნიჰილიზმი მატულობს. ამ მოცემულობაში მისთვის უმჯობესია გვერდზე მდგარიყო, მაგრამ რადგანაც დაბრუნდა, ეცდება, რომ მისი ჩარევა მინიმალური იყოს და უბრალოდ ღუზის როლი შეასრულოს, რომ გემი არ დაიძრას”- ამბობს ცხადაია ნეტგაზეთთან საუბრისას.

დღეს, 26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერების შეკრების შემდეგ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში ბრუნდება. მისი თქმით, ქართველი მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად 2013 წელს დატოვა, ახლა თანახმაა, რომ კვლავ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი