გია ნოდია

ივანიშვილმა აღიარა, რომ არაფორმალური მმართველობა არაეფექტურია – გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ყველაზე მარტივად აიხსნება “ქართული ოცნების” პარტიის შიგნით დაწყებული ღია და საჯაროდ გამოხატული კონფლიქტით.

“ეს ნიშნავს, იმას, რომ ივანიშვილმა პრაქტიკულად აღაირა, რომ ამ ტიპის არაფორმალური მმართველობა, რომელიც აქამდე იყო, არის არაეფექტური. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი რჩებოდა გარანტად და არბიტრად “ქართული ოცნების” მმართველობის, მაგრამ უხილავი იყო პარტიის წევრებისთვის, თუნდაც დეპუტატებისთვის. შეიძლება კონტაქტი ჰქონდა, მაგალითად, კვირიკაშვილთან, მაგრამ რიგითი დეპუტატისთვის ივანიშვილი ისეთივე უხილავი იყო, როგორც ჩემთვის. ამან გამოიწვია ივანიშვილის დეფიციტი, უკამყოფილება პარტიაში და, როგორც ჩანს, ივანიშვილმა, შეიძლება უხალისოდ, აღიარა, რომ მის გარეშე სიტუაცია ვერ დალაგდება”,- განაცხადა გია ნოდიამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ასე მეტი შანსია, რომ ივანიშვილმა შეძლოს პარტიის შიგნით არსებული კონფლიქტის გადაწყვეტა და დისციპლინის შენარჩუნება, რადგან როგორც პარტიის თავმჯდომარე ვალდებული იქნება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი არ გეგმავს უფრო მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დაბრუნდეს, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის:

“გარკვეული ტიპის არაფორმალური მმართველობა მაინც რჩება ამ ვითარებაში, კონსტიტუციურად უმაღლესი პირია კვირიკაშვილი, რადგან პრემიერ-მინისტრია, მაგრამ ახლა უფრო ცხადი ხდება, რომ ხელისუფლების რეალური ლიდერი არის ივანიშვილი, ეს პრობლემა მაინც რჩება. მე ვვარაუდობ, რომ ივანიშვილი ჩათვლის, რომ ეს ამ ეტაპზე საკმარისია და არა მგონია, რომ აპირებდეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებასაც. ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ აქამდე შეცდა და საერთოდ უარს ამბობს მმართველობის იმ მოდელზე, რომელიც შექმნა”- ამბობს ნოდია.

დღეს, 26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერების შეკრების შემდეგ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში ბრუნდება. მისი თქმით, ქართველი მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად 2013 წელს დატოვა, ახლა თანახმაა, რომ კვლავ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com