კვიციანი აღიარებს, რომ კოდორის მოვლენებზე რუსული მედიით ტყუილი გაავრცელა

დეპუტატი ემზარ კვიციანი  აღიარებს, რომ რუსულ მედიასთან საუბარში კოდორის 2006 წლის მოვლენების თაობაზე ტყუილ ინფორმაციას ავრცელებდა. როგორც კვიციანმა “კავკასიის” ეთერში, მერაბ მეტრეველის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, ამ ლაპარაკით მისი ავტორიტეტის გარდა არავისთვის უვნია და ეს ყველაფერი საკუთარი ოჯახის დასაცავად გააკეთა, რომელიც იმ პერიოდში მასთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა.

“რეპუტაციული თვითლიკვიდაცია”

კოდორში ის მოვლენები, რომლის შემდეგაც კვიციანი რუსეთში აღმოჩნდა, 2006 წელს განვითარდა. არსებობს ვიდეო-კადრები, სადაც კვიციანი საუბრობს, რომ კოდორში სპეცოპერაციის ჩასატარებლად მხოლოდ საქართველოს სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლები არ შესულან. ის ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთ მებრძოლს ნიღაბი მოხსნა და ის შავკანიანი აღმოჩნდა.

“რაც შეეხება განცხადებებს, ჩემთვის მთავარი იყო, რომ ქმედება არ შემოეთავაზებინათ, თორემ განცხადება ჩემთვის არაფერი იყო. მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი: 2 წლის გოგონა, 12 წლის და 14 წლის ბიჭები და მეუღლე. თქვენ როგორ მოიქცეოდით?”, – ამბობს კვიციანი.

წამყვანის კითხვას, შანტაჟის გამო აკეთებდა ასეთ განცხადებებს და პროცესის მონაწილეებად ამერიკლების გამოყვანას ცდილობდა, ის ასე პასუხობს:

“მე ჩემმა ხელისუფლებამ დამაშანტაჟა. ჩემმა ხელისუფლებამ მომახვედრა იქ [რუსეთში]”.

კვიციანი ამტკიცებს, რომ კოდორის დათმობაზე თბილისსა და მოსკოვს შორის შეთანხმება არსებობდა, რაც 2008 წელს გაფორმდა კიდეც. კითხვას, თუ ეს ასეა, რატომ არ გადასცა მისი თავი მოსკოვმა თბილისს, ის ასე პასუხობს:

“რატომ არ გადმომცა რუსეთმა და კოდორს რომ ჩააბარებდნენ, ეს ჩემთვის უნდა დაებრალებინათ. როდესაც მათ ხელში [რუსეთის] მოვხვდი, იქვე მითხრეს, შენი ერთი თანხმობა და შევდივართ და გავყრით იმათ იქიდანო. ანუ მე ამაზე რომ მომეწერა ხელი, იმ დღესვე შემოვიდოდნენ და მე დამბრალდებოდა ყველაფერი”.

ამის შემდეგ წამყვანმა დაზუსტება სთხოვა, გულისხმობდა თუ არა იმას, რომ ქმედებებს არა, მაგრამ ტყუილ განცხადებებს დათანხმდა?

“რა თქმა უნდა. განცხადებებს დავთანხმდი, რადგან არჩევანი უნდა გამეკეთებინა. იმ განცხადებებით მე არაფერი არ ვავნე ჩემს სამშობლოს. იმ განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ ჩემს თავს ვავნე. კითხვას რომ მისვამთ, ეს უკვე ჩემ წინააღმდეგაა, ხომ ასეა?

პროპაგანდა… რა მოიგო ამით რუსეთმა? ეს უბრალოდ ლაპარაკი იყო. საქმე? საქმით რაიმე დაუშავდა ჩემს ქვეყანას ჩემი ლაპარაკით? ჩემი თავის, ჩემი ავტორიტეტის გარდა ვინმეს რამე დაუშავდა? მე ავტორიტეტულად შეიძლება თვითლიკვიდაციაზე წავედი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ იქიდან ჩემი ოჯახი გამომეყვანა და წამომეყვანა, მაგრამ ბევრად უკეთესად მოიქცნენ რუსები ჩემთან და ჩემს ოჯახთან მიმართებაში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ჯერ პროვოკაცია მომიწყო და შემდეგ მთელი სანათესაო გამინადგურა”, – განაცხადა კვიციანმა.

როგორ მოხვდა კოდორიდან რუსეთში – კვიციანის ვერსია

ემზარ კვიციანი ამბობს, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების დავალებით მისი ოჯახი მაშინ რუსეთში “გაიტყუეს”, თუმცა არ აკონკრეტებს, რა იგულისხმება ამაში. ის ასევე ამბობს, რომ კოდორში 2006 წელს არანაირი შეიარაღებული წინააღმდეგობა არ ყოფილა და ის რუსეთ-საქართველოს შეთანხმების მსხვერპლია. შეთანხმების საგანი, კვიციანის მტკიცებით, კოდორის ხეობის რუსეთისთვის გადაცემა იყო.

კითხვას, როგორ აღმოჩნდა კოდორიდან სპეცოპერაციის შემდეგ აფხაზეთის გავლით რუსეთში, ასე პასუხობს:

“მე გამიტყუეს იქიდან ჩვენმა თანამოქალაქეებმა, ჩამოდი რუსეთის საგუშაგოზეო. არ ჩავედი, სხვა ხალხი გავაგზავნე. იმათ დაელაპარაკეთ-მეთქი. საღამოს, როდესაც სოფელში ვიყავი, დაბრუნდა ერთ-ერთი და მითხრა, შენთან უნდათ ლაპარაკიო. ჩავედი, იქ სპეცნაზი დამხვდა და ძალით წამიყვანეს.  ახლა გეკითხებით, რატომ წამიყვანა რუსეთის სპეცსამსახურებმა იქიდან და რატომ გაუმართა ხელი სააკაშვილს? ანუ ეს იყო წინასწარი მოლაპარაკება, რომელიც ვიცი როდესაც მოხდა. 2006 წლის 13 ივნისს პუტინი და სააკაშვილი შეხვდნენ, როგორც კი სააკაშვილი სოჭიდან ჩამოვიდა, ორფოლოს სწავლება დაიწყო იმისთვის, რომ კოდორში გადმოსულიყო. ჯარის შემოყვანა იმისთვის უნდოდათ, რომ კოდორის ხეობა ჩაებარებინათ. ყველაფერი რუსეთის დავალებით და მათთვის გააკეთა სააკაშვილმა.

…  ჩემი ოჯახი [რუსეთში] იყო გატყუებული. მე სად წავიდოდი? თან არსად წასასვლელი არ მქონდა, სხვა საზღვარი მქონდა სადმე? მით უმეტეს, რომ უკვე წამიყვანეს, მე შემეძლო იქიდან წამოსვლა, ვერტმფრენის გატაცებაც შემეძლო იმიტომ, რომ იარაღიც მქონდა იმ პერიოდში, მაგრამ სად წავსულიყავი, უკვე ვიცოდი, რომ ერთნი იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლება და რუსეთი”.


ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ეუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. იგი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და რუსეთში გადავიდა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა.

კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ჰქონდა წაყენებული.

კვიციანი საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა. ის აეროპორტში დააკავეს.

მას 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ თბილისში დაბურნების შემდეგ პატიმრობაში მხოლოდ 11 თვე გაატარა. მას “ოცნების” ხელისუფლების პირობებში საპროცესო გარიგება გაუფორმეს, თან ისე, რომ ადვოკატის ინფორმაციით, კვიციანს ბრალი არ უღიარებია.

თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი რ2-თან ამბობს, რომ კვიციანმა “კავკასიის” ეთერში ზღაპრები ილაპარაკა. მისი თქმით, როდესაც კვიციანი 2006 წელს ინგა გრიგოლიას გადაცემაში ჩაერთო და დაუმორჩლებლობა გამოაცხადა, მისი ოჯახი ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრობდა.

ემზარ კვიციანი დღეს საქართველოს პარლამენტის წვერია პატრიოტთა ალიანსიდან. ირაკლი ოქრუაშვილს კითხვები მოქმედი ხელისუფლების მიმართ აქვს, როგორ მოახერხა კვიციანმა პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება?

“თავს შევიკავებ რაიმე სახის კომენტარისაგან ჩემს კოლეგასთან მიმართებაში იმდენად, რამდენადაც ჩემი კოლეგაა, ეს ერთი, და მეორეც, თუ მან თავისი ცხოვრებიდან გარკვეული ისტორია მოჰყვა, ეს მისი პირადი საკითხია”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი კვიციანის განცხადების კომენტირებისას.

კვიციანი აღნიშნულ საკითხზე განმარტებას აღარ აკეთებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com