ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პრემიერობის ერთ-ერთ კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი წარადგინეს

25 აპრილი, 2018 • 1989
სომხეთის პრემიერობის ერთ-ერთ კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი წარადგინეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანიც იბრძოლებს. პაშინიანის კანდიდატურა ამ თანამდებობაზე დღეს, 25 აპრილს, ერევანში გამართულ აქციაზე ორპოზიციური პარტიებისგან შემდგარმა ბლოკმა წარადგინა.

ერევანში დღეს გამართულ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს და უთხრეს, რომ დრო მოვიდა აირჩიონ ადამიანი, რომელსაც მხარს სომხეთის მოსახლეობის უმრავლესობა დაუჭერს და ქვეყნის მართვას ანდობს. საპასუხოდ კი აქციაზე შეკრებილებმა “ნიკოლის” სკანდირება დაიწყეს. სწორედ ამის შემდეგ დასახელდა პაშინიანის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე.

“პაშანიანს ხალხის ნდობა აქვს. არ მგონია, რაიმე პრობლემა წარმოიშვას. ვფიქრობ, კანონმდებლები მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ” – უთხრა “როიტერსს” ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ედმონ მარუკიანმა.

ნიკოლ პაშინიანი,სომხეთში რამდენიმედღიანი საპროტესტო ტალღის მთავარი ფიგურაა. პაშინიანს ეკუთნის ინიციატივა, რომელიც სომხეთის ევრაზიული კავშირიდან გამოსვლას უკავშირდება.

უფრო ვრცლად, ვინ არის ნიკოლ პაშინიანი წაიკითხეთ ბმულზე –  ვინ არის და რა შეხედულებები აქვს სომხეთის აქციების ლიდერს.


სომხეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია:

  • 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა, მოქალაქეების 10-დღიანი აქციების შემდეგ თანამდებობა დატოვა.
  • პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს სომხეთის ამჟამინდელი ვიცეპრემიერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი ასრულებს.
  • ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა.
  • რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.
  • 16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.
  • 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.
  • სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
  •  23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი