ახალი ამბები

ზვიადაძე: უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც სიტყვის თავისუფლებასა და მორწმუნეთა გრძნობებს დაიცავს

25 აპრილი, 2018 • 1679
ზვიადაძე: უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც სიტყვის თავისუფლებასა და მორწმუნეთა გრძნობებს დაიცავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ეხმიანება პარლამენტში ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება. როგორც პროტოპრესვიტერი ნეტგაზეთთან ინტერვიუში განმარტავს, რელიგიური გრძნობების დასაცავად უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც სიტყვის თავისუფლებასა და ყველა აღმსარებლობას თანაბრად დაიცავს.

“როგორ შეიძლება, ასეთი აზრი მქონდეს, რომ ვინმე ამის გამო ციხეში წავიდეს. საუბარია მექანიზმის შემუშავებაზე, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს და ჩართული იყოს მსჯელობაში, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სწორი არ არის, იქნება ეს მართმადიდებელი, კათოლიკე, მუსლიმი თუ იუდეველი. სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ შეიძლება. პრობლემის მოსაგვარებლად უნდა იყოს მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობას  სპეციალისტები და ფართო საზოგადოების წამრომადგენლები მიიღებენ. უნდა ვიფიქროთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ შეიძლება ისეთი ქმედითი მექანიზმი შეიქმნას, რომ დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება,” – უთხრა ნეტგაზეთს გიორგი ზვიადაძემ.

მისივე განმარტებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა საზოგადოებაში ხშირად ხდება შფოთვისა და ურთიერთდაპირისპირების მიზეზი, რაც სახელმწიფოსთვის ძალიან საზიანოა.

ზვიადაძის თქმით, საპატრიარქო არ არის აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი და მასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც არ გაუვრცელებია. როგორც პროტოპრესვიტერი ამბობს, საპატრიარქო მიესალმება მხოლოდ იმას, რაც ერთი მხრივ, დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას და, მეორე მხრივ, შეაჩერებს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას”.

თუმცა, როგორც გიორგი ზვიადაძე აღნიშნავს, პირადად ის ვერ ჩაერთვება პროცესში, “საპატრიარქოში კი ძალიან ბევრი კვალიფიციური პირია, რომელსაც მხოლოდ რეკომენდაციის გაწევის სახით შეუძლიათ პროცესში ჩართვა”.

“უპირველესად, ეს არის საუბარი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება და ყველა რელიგიურ აღმსარებლობა, იქნება ეს კანონი თუ რაღაც სხვა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ძალიან დიდი უარყოფითი პროცესების გამომწვევი მიზეზია და  ჩვენ გვაქვს ამის პრეცედეტები. ჩვენ გვინდა, რომ ისეთი გამოსავალი ავარჩიოთ, რომელიც ყველაზე საუკეთესო შედეგს მოგვცემს. საპატრიარქოს არ შეუტანია ეს ინიციატივა და მისი ინიციატივა არ არის დასჯა. გარდა დასჯისა, არის ისეთი შედარებით ლმობიერი გზები, რომელიც საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავს,” – განმარტავს გიორგი ზვიადაძე.

პარლამენტი განიხილავს ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილებები “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან” დაკავშირებით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ინიციატივის მიზეზი ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებული მოქალაქეთა რელიგიური გრძნობების, არსებული რელიგიებისა და წმინდანების შეურაცხყოფა გახდა.

კანონპროექტის მიხედვით, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი