ახალი ამბებისამართალი

“სწავლობს ის ბავშვი” – ადვოკატმა არ იცის, დაბრუნდება თუ არა საქართველოში გიორგი ლიპარტელიანი

25 აპრილი, 2018 • 3385
“სწავლობს ის ბავშვი” – ადვოკატმა არ იცის, დაბრუნდება თუ არა საქართველოში გიორგი ლიპარტელიანი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალისას დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი გაამტყუნა და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ის ახლა პრაღაში იმყოფება სასწავლებლად. ლიპარტელიანის ადვოკატი სააპელაციოს განაჩენს უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს.

დღევანდელი პროცესის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა, თენგიზ ხარებავამ განაცხადა, რომ არ იცის, ჩამოვა თუ არა, ან როდის შეიძლება ჩამოვიდეს გიორგი ლიპარტელიანი საქართველოში.

“არ ვიცი, გენაცვალე. სწავლობს ის ბავშვი და 22 მაისამდე არის იქ [საზღვარგარეთ]. მე ოჯახის ინფორმაცია საიდან უნდა ვიცოდე?! ადვოკატმა იცის, ვინ სად მიდის?!” – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა და გიორგი ლიპარტელიანის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით შეკითხვას უტაქტო უწოდა.

თენგიზ ხარებავა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას აუცილებლად გაასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში:

“აქამდე ვიყავით ჩუმად, რადგან არ გვინდოდა გაგვეღიზიანებინა ტატიშვილების ოჯახი, მაგრამ დღეიდან ვიბრძოლებთ. სააპელაციო სასამართოს გადაწყვეტილება ნამდვიალდ არის უკანონო, მიკერძოებული და დაუსაბუთებელი. ჩვენ შევძლებთ უზენაეს სასამართლოში ჩვენი სიმართლის მიღწევას.”

გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედამ, ნინო ჟვანიამ, დღევანდელი პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის პრეცედეტული. მისი თქმით, ამის შემდეგ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოებას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ლიპარტელიანი თავისი ნებით ჩამოვა საქართველოში და მოიხდის სასჯელს.

ლიპარტელიანი ტატიშვილს გუდაურში თხილამურებით სრიალისას 2016 წლის 10 იანვარს დაეჯახა, რის შედეგადაც 12 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში გამოტანილი გადაწყვეტილებით, 22 წლის გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა. გამამართლებელ განაჩენს არ ეთანხმებოდნენ პროკურატურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები, რის გამოც გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალისას მოზარდის დაღუპვაში ბრალდებული გაამტყუნა

დღეს, 25 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი გიორგი ლიპარტელიანის მიმართ და იგი დამნაშავედ სცნო სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისათვის, გათვალიწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმის კოლეგიური წესით განხილვების შედეგად სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გიორგი ლიპარტელიანმა გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე სრიალისას არ გაუწია კონტროლი საკუთარ მოძრაობას, არ მოახდინა სათანადო დისტანცირება და მაღალი სიჩქარით შეეჯახა მის წინ მოსრიალე სალომე ტატიშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ჩადენილი ქმედების ხასიათის, სიმძიმის და ხარისხის გათვალისწინებით გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სალომე ტატიშვილის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენში, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერს გამოცხადდა, წერია, რომ შემთხვევისას გიორგი ლიპარტელიანი 20 წლის იყო. ის გუდაურში ორ მეგობართან ერთად თხილამურებით სასრიალოდ იყო ასული. იმავე დღეს სხვა ბავშვებთან ერთად, მწვრთნელის მეთვალყურეობით, სათხილამურო ტრასა “კუდები 3-ზე” სრიალებდა სალომე ტატიშვილი. ტრასაზე თხილამურებით დაშვებული გიორგი ლიპარტელიანი უკნიდან დაეჯახა სალომე ტატიშვილს. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მცირე დაზიანებები მიიღო ლიპარტელიანმა. პროკურატურამ გიორგი ლიპარტელიანს ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით წაუყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი