სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალისას მოზარდის დაღუპვაში ბრალდებული გაამტყუნა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალისას დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი გაამტყუნა. მას მიესაჯა პატიმრობა 3 წლის ვადით. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

გიორგი ლიპარტელიანის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მას აუცილებლად გაასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში.

გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედამ, ნინო ჟვანიამ, დღევანდელი პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის პრეცედენტული. მისი თქმით, ამის შემდეგ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოებას. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გიორგი ლიპარტელიანი თავისი ნებით ჩამოვა საქართველოში და მოიხდის სასჯელს.

ლიპარტელიანი ტატიშვილს გუდაურში თხილამურებით სრიალისას 2016 წლის 10 იანვარს დაეჯახა, რის შედეგადაც 12 წლის მოზარდი ადგილზე დაიღუპა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში გამოტანილი გადაწყვეტილებით, 22 წლის გიორგი ლიპარტელიანი გაამართლა. გამამართლებელ განაჩენს არ ეთანხმებოდნენ პროკურატურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრები, რის გამოც გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში არ ესწრებოდა გიორგი ლიპარტელიანი. ის საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფება.

სალომე ტატიშვილის საქმე – ყველა სიახლე

თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენში, რომელიც 2017 წლის 29 დეკემბერს გამოცხადდა, წერია, რომ  შემთხვევისას გიორგი ლიპარტელიანი 20 წლის იყო. ის გუდაურში ორ მეგობართან ერთად თხილამურებით სასრიალოდ იყო ასული. იმავე დღეს სხვა ბავშვებთან ერთად, მწვრთნელის მეთვალყურეობით, სათხილამურო ტრასა “კუდები 3-ზე” სრიალებდა სალომე ტატიშვილი. ტრასაზე თხილამურებით დაშვებული გიორგი ლიპარტელიანი უკნიდან დაეჯახა სალომე ტატიშვილს. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მცირე დაზიანებები მიიღო ლიპარტელიანმა. პროკურატურამ გიორგი ლიპარტელიანს ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით წაუყენა.

გამამართლებელ განაჩენში ეწერა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ გიორგი ლიპარტელიანის გაუფრთხილებლად სრიალს ემსხვერპლა 12 წლის სალომე ტატიშვილი. სწორედ ამიტომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ამ საქმის შესახებ უფრო მეტი გაიგეთ ნეტგაზეთის არქივიდან:

რატომ გაამართლეს სათხილამურო ტრასაზე დაღუპული ბავშვის საქმეზე ბრალდებული

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.