სასამართლომ დაადგინა, რომ მაიმუნი ნარუტო თავის სელფიზე უფლებებს არ ფლობს

CNN-ის ცნობით,  აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მაკაკა ინდონეზიიდან, სახელად ნარუტო, არ ფლობს საავტორო უფლებებს სელფიზე, რომელიც საკუთარ თავს გადაუღო, თუმცა ამისთვის ფოტოგრაფ დავიდ სლეიტერის კამერა გამოიყენა.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ საავტორო უფლებებთან დაკავშირებით დავა აწარმოონ.

სადავო სურათი 6 წლის მაკაკამ, სახელად ნარუტომ, გადაიღო ინდონეზიაში, თუმცა ამისათვის ბრიტანელი ფოტოგრაფის, დევიდ სლეიტერის ფოტოაპარატი გამოიყენა. ფოტოკამერა, რომელსაც მაიმუნმა ხელი დააჭირა, სწორედ ამ ფოტოგრაფს ეკუთვნის. შემდგომში სლეიტერმა ეს ფოტო დაბეჭდა წიგნში “ველური ბუნების პერსონაჟები”.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია PETA-მ სამართლებრივი დავა ნარუტოს სელფის გამო 2015 წელს დაიწყო. ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ნარუტოს მიერ გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა და გაყიდვა ნარუტოს უფლებებს არღვევს, რომელიც საავტორო უფლებების შესახებ კანონითაა დაცული.

აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე უილიამ ორრიკი ამ არგუმენტს ეთანხმებოდა, მაგრამ განაცხადა, რომ კონგრესსა და პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ კანონი გაავრცელოს ცხოველებზეც, რაც ამჯერად არ მომხდარა, ამიტომ მაიმუნი საავტორო უფლებების გარეშე დარჩა. პეტამ განაჩენი გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ წინა განაჩენი ძალაში დატოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com