“არა – ფობიას” – მოვუწოდებთ პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი კვიციანის ინიციატივას

სამოქალაქო პლატფორმის “არა – ფობიას” განცხადებით, უკიდურესად შემაშფოთებელია პარლმენტის წევრის ემზარ კვიციანიის მიერ პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომელიც “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. პლატფორმაში გაერთიანებული ორგანიზაციების შეფასებით, ემზარ კვიციანის ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

“განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ. კომიტეტის წევრები იზიარებენ პრინციპს, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა უნდა იყოს დასჯადი. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება კანონპროექტის შემუშავებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც  საპატრიარქოს წარმომადგენლები და ასევე სხვა რელიგიური კონფესიები ჩაერთვებიან,” – წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორაგანიზაციების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 1551 მუხლი, რომლის თანახმადაც დასჯადი ხდება  „რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას“, ამასთან, დასჯადი გახდება „რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.“ ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებისთვის ინიციატივა სასჯელის სახედ ჯარიმასა და პატიმრობას ითვალისწინებს.

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის რაიმე სახის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. ამგვარი ინიციატივა ცალსახად მოვა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლითაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის იმგვარი გამოხატვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოების გარკევული ნაწილისთვის იყოს შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (რომელიც თავის მხრივ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს ეყრდნობა) “დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ კონსტიტუციით დაცულია კრიტიკული აზრი, მათ შორის, ისეთიც, რომელსაც საზოგადოების ნაწილი შეიძლება ზედმეტად მკაცრად ან არადეკვატურად აღიქვამდეს.“[1]
  2. ინიციატივა არ შეესაბამება არც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. ადამიანის უფლებათა სასამართლს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფერო მოიცავს „არა მხოლოდ იმ ინფორმაციას ან იდეებს, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მათ მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხყოფს, შოკისმომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს.“[2] რელიგიური იდეების კრიტიკის შესაძლებლობაზე და ამგვარის კრიტიკის მიმართ თმენის ვალდებულებაზე საუბრობენ ვენეციის კომისია და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებიც.[3]
  3. ნებისმიერი რეგულაციისა თუ პასუხისმგებლობის ზომის მთავარი ადრესატები პირველ რიგში საზოგადოების ის ჯგუფები უნდა იყვნენ, რომლებიც განიცდიან ჩაგვრასა და დისკრიმინაციას უმრავლესობის მხრიდან. ნებისმიერ იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რაიმე სახის პასუხისმგებლობა მსგავსი  ქმედებისათვის, ის მიმართულია არა დომინანტი ჯგუფების გასაძლიერებლად (რომლებსაც ისედაც აქვთ საკმარისი ბერკეტი საკუთარი უფლებების დასაცავად), არამედ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ამის საპირისპიროდ, შემოთავაზებული ინიციატივით დასჯადობის შემოღების მთავარ მიზანს საზოგადოებაში დომინანტური რელიგიური გაერთიანების- მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ არსებული კრიტიკის ჩახშობა წარმოადგენს.
  4. განმარტებით ბარათში საუბარია სახელმწიფოს ვალდებულებაზე დაიცვას რელიგიური გრძნობები. გასათვალისიწინებელია, რომ არც საქართველოს კონსტიტუცია და არც რაიმე საერთაშორისო კონვენცია არ იცნობს ამგვარ უფლებასა თუ შესაბამის ვალდებულებას. რელიგიური გრძნობებისგან დაცვა არ მოიაზრება არც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის ნაწილად, რომელიც რელიგიის თავისუფლებას იცავს. ამდენად, სახელმწიფოს არ გააჩნია რაიმე ვალდებულება დააწესოს მსგავსი რეგულაცია, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ცნება საკმაოდ ბუნდოვანი და სუბიექტურია,”-წერია განცხადებაში.

სამოქალაქო პლატფორმის “არა- ფობიას” შეფასებით, მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივა, გამოყენებული იქნება ხელოვნებისა და მედიის წინააღმდეგ.

“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ყურადღება მიაქციოს როგორც კონსტიტუციურ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს და  არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ინიციატივას არც ამ და არც რაიმე სხვა ფორმით,”-წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს სამოქალაქო პლატფორმაში “არა – ფობიას” შემავალი  ორგანიზაციები აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თანასწორობის მოძრაობა

  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)
  • შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო
  • კონსტიტუტიიც 42-ე მუხლი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, შეიძლება, პატიმრობით დაისაჯოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.