ახალი ამბები

როგორია თანამედროვე ჩინელი ხელოვანების მხატვრული ტექსტილი – გამოფენა თბილისში

25 აპრილი, 2018 • 3980
როგორია თანამედროვე ჩინელი ხელოვანების მხატვრული ტექსტილი – გამოფენა თბილისში

დღეს, 24 აპრილს, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ჩინელი მხატვრების მიერ შექმნილი მხატვრული ტექსტილის გამოფენა გაიმართა, რომელიც მხატვრისა და პედაგოგის, გივი ყანდარელის დაბადებიდან 85 წლისთავს მიუძღვნეს.

თბილისში პირველად ტარდება მხატვრული ტექსტილის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია 61 ცნობილი ჩინელი მხატვრის სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები.

ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გამოფენა წელს ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელსაც საელჩო ატარებს საქართველოში და ის გივი ყანდარელის ხსოვნას ეძღვნება.

ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გივი ყანდარელი  ჩინელი მხატვრების მასწავლებელი იყო. 1990-იან წლებში ყანდარელი და მისი მეუღლე მალი ლიუ ცინ ჰუას უნივერსიტეტის მიწვევით ჩინეთში ასწავლიდნენ და არაერთი ჩინელი ხელოვანი აღზარდეს.

ძი იანჩიმ აღნიშნა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი გივი ყანდარელის რამდენიმე მოსწავლეს ეკუთვნის, ნაწილი კი- მისი მოსწავლეების მოსწავლეებს.

“გივი ყანდარელმა წვლილი შეიტანა ჩინეთში ტექსტილის ხელოვნების განვითარებაში. ეს გამოფენა პატივისცემის გამოხატულებაა ქართული კულტურის მიმართ. ხედავთ, რომ ჩინური კულტურა არის მრავალფეროვანი, თანამედროვე და მსოფლიოსთვის გახსნილი”, – გვითხრა ელჩმა. 

გამოფენაზე მონაწილეობს იუან ძინლუნგის ნამუშევარი “ჰუიჭოუ, შთაბეჭდილება.” იუან ძინგლუნგმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მისინამუშევარზე გამოსახულია ჩინური ეზო, რომლის მსგავსსაც ძველად აშენებდნენ. მანუშევარი ძველი ჯინსის შარვლის ნაჭრებისგან შექმნა, რითიც ხაზი გაუსვა იმას, რომ მეორეული ნივთების გამოყენება შესაძლებელია და ადამიანებს ამ გზით შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს დაბინძურებისგან თავის არიდებაში.

ძინგლუნგი 18 წელია მხატვრული ტექსტილის მიმართულებით მუშაობს. იგი პროფესორია ჩინეთის ერთერთ უნივერსიტეტში და ტანსაცმლის დიზაინს ასწავლის.

უ ბინგი, გამოფენის კიდევ ერთი მონაწილე, თავისი ნამუშევრით გარემოს დაბინძურების საკითხს შეეხო. მან ცა შექმნა, რომელიც ლურჯია და შესაძლებელია მასზე მცირე ღრუბლების შემჩნევაც. უ ბინგი ამბობს, რომ დღეს ასეთი ცა იშვიათად ჩანს ჰაერის დაბინძურების გამო.

“ჰაერის დაბინძურება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და ლურჯ ცას ანადგურებს”, – ამბობს უ ბინგი. 

უ ბინგი 15 წელია მხატვრულ ტექსტილს ქმნის. იგი სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს ცინ ჰუას უნივერისტეტში და თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაცვლითი პროგრამით იმყოფება.  

ლიტერატურის მუზეუმის ცნობით, ჩინეთი ბოლო ათწლეულებში ამ დარგის ერთერთი წამყვანი ქვეყანა გახდა და 2000 წლიდან შვეიცარიიდან სწორედ იქ გადაინაცვლა ამ დარგის ყველაზე პრესტიჟულმა და დიდმა ღონისძიებამ, რომელსაც მას შემდეგ ეწოდება ‘ლოზანადან პეკინამდე: მხატვრული ტექსტილის საერთაშორისო ბიენალე’. გამოფენაზე სწორედ ამ ბიენალეს მონაწილე ჩინური ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ქართული გობელენის ფუძემდებელი, გივი ყანდარელი, ამავდროულად ჩინური ტექსტილის განვითარებისთვის საკვანძო ფიგურაცაა. ბიენალეს ჩინეთში გადატანა აგრეთვე მისი ინიციატივითა და ხელშეწყობით მოხდა.

გამოფენის გახსნამდე სიმპოზიუმი ჩატარდა ჩინეთის ხელოვნების სახელმწიფო ფონდის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ამ ფონდის ხელოვნების გავრცელების, გაცვლისა და პროპაგანდის პროგრამის ფარგლებში. სიმპოზიუმი გივი ყანდარელის შემოქმედებასა და ღვაწლს მიეძღვნა. გამოფენა 8 მაისამდე გაგრძელდება.

 

ჩინელი მხატვრები ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან ერთად. დამთვალირებელი უყურებს ჩინელი მხატვრების შემქნილ ნამუშევრებს. თანამედროვე ჩინური მხატვრული ტექსტილის გამოფენა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი