ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მიკაელ ზოლიანი: სარგსიანის გადადგომა პროცესის დასაწყისია

24 აპრილი, 2018 • 2799
მიკაელ ზოლიანი: სარგსიანის გადადგომა პროცესის დასაწყისია

[blue_box]ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში: პირველი შთაბეჭდილებები[/blue_box]

სომხეთში მოხდა ის, რაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენლად, ხოლო ერთი კვირის წინ – ნაკლებსავარაუდოდ მოგვეჩვენებოდა. 23 აპრილს დღისით კი გარდაუვალი გახდა პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის გადადგომა. ნეტგაზეთის მკითხველს შესაძლოა ახსოვს, რომ ამ სიტყვების ავტორი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ პროტესტების პერსპექტივას საკმაოდ სკეპტიკურად აფასებდა.

ჯერ კიდევ 22 აპრილს ბევრი ფიქრობდა, რომ საპროტესტო მოძრაობა დამარცხდებოდა. ნიკოლ პაშინიანი და პროტესტის სხვა ლიდერები დააკავეს. ერთი შეხედვით, მოძრაობას თავი მოკვეთეს და ხელისუფლებას წერტილოვანი რეპრესიები იქამდე უნდა გაეგრძელებინა, სანამ მოძრაობა მთლიანად ლოკალიზებული და დათრგუნული არ აღმოჩნდებოდა.

თუმცა ყველაფერი სრულიად სხვაგვარად მოხდა. თავად პაშინიანი 23 აპრილის მიტინგზე ამბობდა, რომ მასთან ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიოდნენ და კომპრომისის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდნენ. თავიდან სთავაზობდნენ, რომ სერჟ სარგსიანი ნახევარ წელიწადში გადამდგარიყო, შემდეგ – ორი თვის შემდეგ, შემდეგ – ერთი კვირაში. თავად პაშინიანი კი ყველა ამ წინადადებას ერთნაირად პასუხობდა: ის სარგსიანის გადადგომას ორი საათის განმავლობაში მოითხოვდა.

საბოლოო ჯამში, პაშინიანის მოთხოვნები დაკმაყოფილდა: სერჟ სარგსიანმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა: “მე ვცდებოდი, ნიკოლ პაშინიანი კი მართალი იყო”.

რა მოხდა? საქმე ის არის, რომ პროტესტის ლიდერების დაკავებებს საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა. მაშ შემდეგ, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები პირველი შოკიდან გამოვიდნენ, მთელ სომხეთში რაღაც უპრეცედენტო ხდებოდა. დედაქალაქსა და შორეულ სოფლებში ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საღამოსკენ კი ერევანში წარმოუდგენელი რამ მოხდა: ქალაქის სხვადასხვა ბოლოდან მოქალაქეების ორი დაუსრულებელი ნაკადი რესპუბლიკის ცენტრალურ მოედანზე მიდიოდა.

როდესაც ეს ორი ნაკადი ერთმანეთს შეხვდა, მთელი პროტესტის განმავლობაში მოედანზე ყველაზე მრავალრიცხოვანი მიტინგი შეიკრიბა.

თავად ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ 160 000 ადამიანი მივიდა, ხელისუფლება 35 000- იან აქციაზე საუბრობდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ეს მობილიზაცია უპრეცედენტო აღმოჩნდა.

23 აპრილის საღამოს უკვე ხელისუფლებისთვისაც გახდა ნათელი, რომ პროტესტის შესაჩერებლად ძალის გამოყენება იქნებოდა საჭირო, თუმცა ეს უდიდეს ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევდა.

სერჟ სარგსიანის ცინიკური და სასტიკი პოლიტიკოსის რეპუტაციის გათვალისწინებით, სომხეთში ბევრი ფიქრობდა, რომ ის არ დანებდებოდა და პროტესტს ჩაახშობდა, თუნდაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლის ფასად..

22 აპრილს დილით ნიკოლ პაშინიანთან მოლაპარაკებებზე სარგსიანი პრაქტიკულად ღია ტექსტით დაიმუქრა 2008 წლის 1 მარტის მოვლენების განმეორებით, როდესაც ძალის გამოყენების შედეგად აქციაზე 10 ადამიანი დაიღუპა.

თუმცა ძალის გამოსაყენებლად სარგსიანის სჭირდებოდა პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერა, რაც ყოველწამიერად სუსტდებოდა. ამავე დროს, 24 აპრილი ახლოვდებოდა – სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე დამატებითი ფაქტორი იყო სარგსიანზე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის.

საბოლოო ჯამში, სარგსიანი, სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე მიხვდა, რომ პარტია წაგებულია და განცხადებით გამოვიდა, რომელმაც თავისი გულწრფელობით ბევრი მისი მოწინააღმდეგეც კი გააოცა.

რატომ მოხდა ეს?

ის, რაც მოხდა, იმის შედეგია, რომ ერთდროულად ერთმანეთს რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა. მათ შორის იყო სარგსიანის ფენომენალური არაპოპულარობა. რთულია მსოფლიო ისტორიაში მეორე შემთხვევა იპოვო, როდესაც პოლიტიკოსი ასე მოკლებული იყოს სახალხო მხარდაჭერას და მაინც ცდილობდეს საკუთარი მმართველობის გახანგრძილივებას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ის, რაც სარგსიანს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, საკუთარი ოპონენტების მოტყუება იყო, ალბათ, ამან დაუკარგა რაციონალურობა.

შესაძლებელია, თუკი სარგსიანი პრემიერ-მინისტრად სხვა ვინმეს დანიშვნას დათანხმებოდა, თავად კი “რუხ კარდინალად” დარჩებოდა,  ქვეყანას საპროტესტო გამოსვლები თავიდან აეცილებინა, ან უბრალოდ ასეთი მასშტაბური არ ყოფილიყო. თუმცა, ალბათ, სარგსიანს უფრო მეტად იმის შეეშინდა, რომ ხელისუფლებიდან მისივე თანამოაზრეები მოიშორებდნენ, და არა იმის, რომ თავად ხალხი გადააყენებდა. შესაძლოა, სწორედ ეს ჰქონდა მას მხედველობაში, როდესაც ამბობდა, რომ ცდებოდა.

მეორე ფაქტორი, რომელმაც პროტესტის წარმატებას ხელი შეუწყო, ოპოზიციის მიერ არჩეული ტაქტიკაა. პროტესტის დღეებში არაერთხელ შემქმნია შთაბეჭდილება, რომ პაშინიანმა და მისმა თანამოაზრეებმა რევოლუციურ ტექნოლოგიებსა და არაძალადობრივ პროტესტებზე წიგნი წაიკითხეს.

რა თქმა უნდა, პაშინიანს და მის გუნდს ჰქონდათ შეცდომები, თუმცა, მთლიანობაში, უკანასკნელ დღეებში მან საკუთარი თავი ვლადიმერ ლენინისა და მაჰათმა განდის გარკვეულ კომბინაციად წარმოაჩინა: ერთი მხრივ, მაქსიმალური ზეწოლა, რომელიც ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, მეორე მხრივ კი, პროტესტების არაძალადობრივი ხასიათი, რომელიც ხელისუფლებას ძალის გამოყენების საშუალებას არ აძლევდა.

პროტესტის დღეების განმავლობაში, პოლიციისა და პროსახელისუფლებო “ტიტუშკების” მხრიდან პროვოკაციების მიუხედავად, ოპოზიციას პრაქტიკულად არ გამოუყენებია ძალა. აქციებში ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა მონაწილეობდა, სკოლის მოსწავლეებიც კი იდგნენ იქ, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალის გამოყენებას ართულებდა.

მესამე და შესაძლოა ყველაზე მოულოდნელი ფაქტორი გარე ძალების პოზიციაა, კერძოდ- რუსეთის. თუ დასავლეთის ქვეყნების პოზიცია ასე თუ ისე მოსალოდნელი იყო – მოწოდებები სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, რუსეთის პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ რუსეთი, როგორც წესი, მსგავს პროცესებს საკუთარი გავლენისთვის საფრთხედ აღიქვამს და, რაც ყველაზე უარესია, აღიქვამს რუსეთის შიდა სტაბილურობის საფრთხედ. თუმცა, ამჯერად, მსგავსი განცხადებები რუსეთის მხრიდან არ ყოფილა და მარია ზახაროვას კომენტარი ხაზგასმით ნეიტრალური იყო. რუსეთის ტელევიზიის ეთერში კი არ საუბრობდნენ მორიგ “ფერადი რევოლუციაზე”, “მაიდანსა” და “სახელმწიფო დეპარტამენტის ორცხობილებზე”.

მსგავსი რეაქცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ შეთქმულების თეორიაც გაჩნდა იმის შესახებ, რომ პროტესტის უკან მოსკოვი დგას, რაც სრულიად წარმოუდგენლად ჩანს.

რეალურად, სავარაუდოა, რომ მოსკოვმა უკრაინის მაგალითი გაითვალისწინა და ღიად არაპოპულარული პოლიტიკოსის მიერ ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლობის აღება არ მოისურვა. მეტიც, მოსკოვმა სავარაუდოდ გათვალა, რომ ამ ყველაფრის შედეგად, საბოლოო ჯამში, ხელისუფლება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, კარენ კარაპეტიანს ჩაბარდება, რომელსაც პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ, და აქედან მომდინარეობდა შედარებით მშვიდი დამოკიდებულება პროტესტის მიმართ.

სავარაუდოდ, ამ მოსაზრების გათვალისწინებით მოსკოვში გადაწყვიტეს უგულებელყონ ის მოვლენები სომხეთში, რომელსაც თავად რუსეთში და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებში შეიძლება საპროტესტო მოძრაობის განვითარებაზე გავლენა ჰქონდეს.

[red_box]რა შეიძლება მოხდეს?[/red_box]

ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, როგორც 23 აპრილის მიტინგზე ნიკოლ პაშინიანი ამბობდა, ყველაფერი ამით არ დასრულდება. რამდენიმე დღით ადრე პაშინიანმა შემდეგი პროგრამა გამოაქვეყნა: 1. სერჟ სარგსიანის გადადგომა, 2. დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება “სახალხო კანდიდატის” ხელმძღვანელობით [დიდი ალბათობით თავად პაშინიანი ანდა მისი რომელიმე თანამოაზრე იგულისხმება], 3. ვადამდელი არჩევნების ჩატარება, და ამასთან უნდა იყოს ყველა ზომა მიღებული, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და გამჭვირვალე.

პროგრამის პირველი პუნქტი უკვე შესრულებულია, თუმცა ახლა პაშინიანს და მის მხარდამჭერებს სხვა პუნქტების რეალიზაციისთვის ბრძოლა მოუწევთ. შესაძლოა, ეს იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ბრძოლა სარგსიანის წინააღმდეგ, რამდენადაც ძნელი სათქმელია, რამდენად დიდხანს იქნება შესაძლებელი მასის “რევოლუციური” ენერგიის შენარჩუნება. ამასთან, კარაპეტიანი, რომელიც სერჟ სარგსიანზე მეტად პოპულარულია ხალხში, როგორც ნათქვამი იყო, შესაძლოა, მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობდეს.

პაშინიანს ჯერ არ ჰყავს გამოცდილი პოლიტიკური გუნდი, თუმცა ბოლო სამ კვირაში მისი თანამოაზრეების მიერ დაგროვებული გამოცდილებაც გასათვალისწინებელია.

მიკაელ პაშინიანი; ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი

ასეა თუ ისე, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს პაშინიანი ქუჩის აქციების მუდმივ პოლიტიკურ მხარდაჭერად გარდაქმნას.

ვფიქრობ, გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამჟამად პაშინიანი სომხეთის ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. თუკი ის შეძლებს კარაპეტიანისა და რესპუბლიკური პარტიის “ჩაჩოჩებას” და მთავრობის სათავეში ჩადგომას, შემდეგ კი ნამდვილად გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, მისი პარტია ბევრად მეტი შედეგს მიიღებს, ვიდრე მისი ბლოკი “გამოსავალი” 2017 წელს.

რა თქმა უნდა, რესპუბლიკური პარტია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს, თუმცა ქუჩის პროტესტების შემთხვევაში ვერც ამას გამოვრიცხავთ. შესაბამისად, რესპუბლიკურ პარტიას დათმობაზე წასვლა მოუწევს, პარტიაში გარკვეული განხეთქილება მოხდება და ზოგიერთი დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან პაშინიანის მხარეს გადავა.

სომხეთის მოვლენები ჯერ კიდევ შორსაა კვანძის გახსნისგან. სერჟ სარგსიანის გადადგომა არ არის პროცესის დასასრული, ეს პროცესის დასაწყისია. თუმცა თავად გადადგომის ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი შემთხვევა სომხეთის ისტორიაში, როდესაც ხელისუფალი იძულებული გახდა, სახალხო პროტესტების ზეწოლის გამო გადამდგარიყო. ამასთან, სარგსიანმა არ გამოიყენა ძალა, რაც ასევე შეიძლება აღქმული იყოს როგორც პრეცედენტი არა მხოლოდ სომხეთის მომავლისთვის, არამედ დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც.

ამასთან, ეს იყო პირველი შემთხვევა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც პროტესტების ლიდერი არ ყოფილა არც პოლიტიკური და არც ბიზნესელიტის წრიდან.

მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძის გუნდიდან იყო, ივანიშვილი – ოლიგარქი. პაშინიანს კი არცერთი დღე არ გაუტარებია ხელისუფლებაში, ის ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა. თუკი ის ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

ყველაზე მთავარი სომხეთის მოქალაქეებისთვის ისაა, რომ მათ შეძლეს იმის შეჩერება, რასაც სომხეთში ბევრი “თურქმენიზაციას” ანდა “სასულთნოს” უწოდებდა, ანუ სერჟ სარგსიანის პირადი რეჟიმის შექმნას განუსაზღვრელი ვადებით. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ახლო მომავალში სომხეთს “სასულთნოდ” გადაქცევის პერსპექტივა არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი