ახალი ამბები

მშვენიერაძე: სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი ევროპის შუა საუკუნეებს ვერ გასცდა

24 აპრილი, 2018 • 4179
მშვენიერაძე: სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი ევროპის შუა საუკუნეებს ვერ გასცდა

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლითაც შეიძლება პატიმრობით დაისაჯოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. რა საფრთხეებს შეიცავს კანონპროექტი როგორც სამართლებრივად, ისე ფაქტობრივად – ამის შესახებ ნეტგაზეთი “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” დირექტორს, იურისტ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონპროექტი, იმ შემთხვევაში, თუ კანონად იქცევა?

იმით უნდა დავიწყოთ საუბარი, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი ინიციატივა. ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოვისმინეთ არა მხოლოდ მხარდაჭერა მსგავსი იდეებისა, არამედ კანონპროექტების სახითაც იყო წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს კანონპროექტები ერთხელაც ვერ გაიტანეს და ეს სწორია. საქართველოს კონსტიტუცია, მისი 24-ე მუხლი, გამოხატვის თავისუფლება, თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ იმ იდეებსა და მოსაზრებებს, რომლებიც ყველასთვის მოსაწონი და მისაღებია, არამედ მოსაზრებებს, შეხედულებებს, რომლებიც იწვევს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანებას, მათ შორის, მათ აღშფოთებასა და შეურაცხყოფასაც კი. აქედან გამომდინარე, მსგავსი კანონის მიღება ჩვენი კონსტიტუციური სტანდარტის, იმ ფუნდამენტური უფლების საწინაღმდეგო იქნება, რომელიც დაცული გვაქვს კონსტიტუციით და რომელიც საქართველოში დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთ ფუნდამენტად მიიჩნევა.

ეს, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. ფაქტობრივად, რატომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება – ამ შეკითხვაზე პასუხი არის მთელი დასავლური სამყაროს ისტორია, რომელმაც შვა ის ღირებულებები, რაც ევროპაშია. ისტორიამ ცხადყო, თუ რას იწვევს ადამიანების დევნა განსხვავებული აზრის, შეხედულებების, მათ შორის, ისეთი შეხედულებების გამო, რაც შეურაცხყოფად მიაჩნიათ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სოკრატეც ღვთის გმობისა და ახალგაზრდა თაობის გარყვნისთვის გაასამართლეს, თავად ქრისტე აცვეს ჯვარს ღვთის გმობის ბრალდებით. გვახსოვს მსგავსი მუხლებითა და მოტივებით გასამართლებული ასობით და ათასობით ადამიანი ევროპაში, ინკვიზიციას ვგულისხმობ, და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტი ევროპის შუა საუკუნეების პერიოდს ვერ გასცდა და ისეთი კანონების მიღებას ცდილობს, რომლითაც თავის დროზე ადამიანებს კოცონზე წვავდნენ, იმ განსხვავებით, რომ დღეს დააპატიმრებენ. ეს არის წარსულში რამდენიმე საუკუნით დაბრუნების სურვილი.

კომიტეტზე მსჯელობისას იმ ადამიანებისგანაც კი, ვინც პრინციპის დონეზე მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს, ითქვა, რომ შეურაცხყოფა სამართლებრივად რთული განსასაზღვრია. რამდენად რეალისტურია ამის სამართლებრივად განსაზღვრა?

არავითარი რელიგიური გრძნობა, ასეთი კონცეპტი არ არსებობს. რომ დააკვირდეთ სიტყვების შეთანხმებას, რელიგიური გრძნობა არ არსებობს, არსებობს შენი გრძნობა, ადამიანის გრძნობები ზოგადად. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩემი შეხედულებების შესახებ ადამიანები გამოთქვამენ აზრებს, მათ შორის, ცინიკურადაც და შეურაცხმყოფელად. რეალურად, მე მათ ვერ ვიტან იმიტომ, რომ ჩემგან განსხვავებულად ფიქრობენ ან ჩემს აზრებს დასცინიან. ეს არის. ამის დაცვა ხდება და არავითარი ღმერთის დაცვა არ ხდება, არავის არ უთხოვია, დამიცავითო.

კომიტეტზე ისიც ითქვა, რომ მეუფე სპირიდონს უთქვამს, ეს შეზღუდვა არ შეეხოს ქადაგების დროს გამოთქმულ მოსაზრებებსო, ამ შემთხვევაში გამოდის თუ არა, რომ უპირატესობას ითხოვს მართლმადიდებელი ეკლესია?

ინიციატორებს ძალიან კარგად ესმით, რომ თუკი სადმე მსგავსი შეზღუდვა არსებობს, არსებობს იმიტომ, რომ დაიცვან უმცირესობები და არა – უმრავლესობა. უმრავლესობა ყოველთვის, მინიმუმ, აკომპლექტებს ხელისუფლებას და მისგან სჭირდება დაცვა ლიბერალურ დემოკრატიას და უმცირესობებს. ჩვენთან კი პროცესი შებრუნებულია. დომინანტი ჯგუფები მხარს უჭერენ კანონის მიღებას, რომლითაც აიკრძალება იმის საუბარი, რაც მათ არ მოსწონთ, მაგრამ იმ დათქმით, მე როდესაც ვიქადაგებ, მე პასუხი არ უნდა ვაგო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ კანონს არ მიიღებენ, მაგრამ ძალიან სასაცილოდ ჩანს, რომ 21-ე საუკუნის ადამიანი მე-16 საუკუნის იდეების დამკვიდრებას ცდილობს.

კომიტეტზე ისიც ითქვა, რომ შეურაცხყოფისგან დაცვა მხოლოდ წმინდანებს შეეხებათ, მაგრამ თუ ეს კანონპროექტი იქცევა კანონად და ვინმე ქორეპისკოპოსზე, პატრიარქზე იტყვის რამეს, ხედავთ თუ არა იმის საფრთხეს, რომ კრიტიკული განცხადებაც მოქმედ სასულიერო პირებზე შეურაცხყოფად დააკვალიფიცირონ?

არ აქვს მნიშვნელობა, შეზღუდვა ვისზე გავრცელდება, რომ პატრიარქი არ უნდა აკრიტიკოს ვინმემ, თუ რომელიმე წმინდანი თუ სხვა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ის, რომ ადამიანისთვის რა არის და რა არ არის პატივსაცემი, თავად ამ ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და არა კანონმა. შეუძლებელია კანონმა ადამიანს დაურეგულიროს საკუთარი დამოკიდებულებები სხვა ადამიანების მიმართ და, მით უმეტეს, ამ დამოკიდებულებების გამოხატვა შეუზღუდოს, ეს არის წმინდად გემოვნებისა და რწმენის საკითხი.  სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება არა რელიგიურ და მორალურ ღირებულებებს, არამედ რაციონალურ საჭიროებებს. არანაირი რაციონალურობის პრინციპი არ დევს იმაში, რომ ადამიანებს შეუზღუდო აზრის გამოხატვა, რადგან ეს ვიღაცას არ მოსწონს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი