ახალი ამბები

ოჯახი: იაშვილის კლინიკაში ოპერაციის შემდეგ ბავშვის მუცელში ექიმებს დოლბანდი ჩარჩათ

24 აპრილი, 2018 • 11715
ოჯახი: იაშვილის კლინიკაში ოპერაციის შემდეგ ბავშვის მუცელში ექიმებს დოლბანდი ჩარჩათ

ფეისბუკით რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში მცირეწლოვნის ოჯახის წევრი საუბრობს იაშვილის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ბავშვის ორგანიზმში ექიმების მიერ ჩატოვებული დოლბანდის შესახებ. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების გამო გამოძიება უკვე დაიწყო.

ბავშვის ოჯახის წევრი წერს, რომ ჩვილის სხეულზე, რომელიც იაშვილის კლინიკის ინკუბატორში იყო მოთავსებული, 1 თვის შემდეგ მისმა მშობლებმა სიყვითლე შეამჩნიეს. გამოკვლევის შედეგად კლინიკაში დაადგინეს, რომ ბავშვს ნაღვლის ამოღება სჭირდებოდა, თუმცა ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ ბავშვი ისევ ცუდად გახდა და კვლავ იაშვილის კლინიკაში მოათავსეს.

“20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს, ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა, საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტობრივად მომაკვდავ ნენეს მოჰკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთთვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი. რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული . სრულიად დამპალი და, რა თქმა უნდა, ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული,” – წერია ოჯახის წევრის განცხადებაში.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ბავშვს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

“ბოლოს პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. ღვთის წყალობით, დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით,” – ნათქვამია ბავშვის ოჯახის წევრის განცხადებაში.

მისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბავშვს მკურნალობის არცერთი ეტაპი არ დაუფინანსა, ხოლო ის ექიმები, რომლემბაც ოპერაცია ჩაატარეს, იაშვილის კლინიკაში დღემდე მუშაობენ.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის უწყება მომხდარს იკვლევს. უწყების ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, რომ რეგულირების სააგენტომ დასკვნა დადოს, შემდეგ კი ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა.

გარდა ამისა, საფრანგეთიდან, სადაც მცირეწლოვანი მკურნალობას გადიოდა, უნდა ჩამოვიდეს შესაბამისი დოკუმენტაცია. მათივე ინფორმაციით, შსს-მ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გაუგზავნა მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროსაც, სადაც გვითხრეს, რომ გამომძიებელმა რეგულირების სააგენტოს მართლაც მიმართა, ხოლო  შუამდგომლობა სასამართლოში უკვე გაგზავნილია.

“ველოდებით ბრძანებას, რომ შევიდეთ კლინიკაში,”- გვითხრეს სამინისტროში.

ნეტგაზეთმა დღის განმავლობაში არაერთგზის სცადა იაშვილის კლინიკის პრესსამსახურთან დაკავშირება. ამ უკანასკნელმა კი ჩვენს წერილებსა და ზარებს არ უპასუხა.  ნეტგაზეთი მზადაა, კლინიკას დაუთმოს დრო და სივრცე საკუთარი არგუმენტებისთვის.

განახლება: ნეტგაზეთი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა იაშვილის კლინიკის პრესსამსახურს, რომელმაც განმარტა, რომ ჯერჯერობით კლინიკაში აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ხდება, რის შემდეგაც ისინი კომენტარს გააკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი