შავი ხიზილალა და სხვა ტიპის ქრთამი – კორუფციის “სერიოზული ეჭვები” ევროპის საბჭოში

ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის პრინციპებზე მომუშავე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რამდენიმე წევრი “სერიოზული ეჭვის” ობიექტი გახდა კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით.

როგორც შიდა მოკვლევის დროს აღმოჩნდა, გარკვეული დეპუტატები, ბაქოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულების სანაცვლოდ, აზერბაიჯანელი ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი “გაუმართლებელი ხელგაშლილობის” ფაქტების მონაწილენი აღმოჩნდნენ.

PACE-ს სპეციალური გამოძიების, ე.წ. “ხიზილალის დიპლომატიის” საქმეზე მომუშავე სამმა ექსპერტმა  200 გვერდზე მეტი მოცულობის ანგარიში გამოაქყვენა, სადაც ნათქვამია, რომ “არსებობს რეალური საფუძველი ვივარაუდოთ, რომ PACE-ს რამდენიმე ამჟამინდელი და ყოფილი დეპუტატი აზერბაიჯანის სასარგებლოდ კორუფციაშია გახვეული”.

საქმე შეეხება აზერბაიჯანის ადამიანის უფლებების საკითხებზე მომხსენებელ PACE-ს  ზოგიერთ წევრს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ  2013 წლის იანვრის ანგარიშს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიპატიმრების მდგომარეობას ეხებოდა.

ანგარიშში ფიგურირებს “შავი ხიზილალა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, ძვირფასი ხალიჩები და სხვადასხვა ოდენობის [800 000 ევრო; 2,4 მილიონი ევრო] ფული”, რომლებიც დეპუტატებმა აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტის ლობირების სანაცვლოდ ქრთამის სახით მიიღეს. 

“პარალამენტარებმა, რომლებიც ამ საქმეში არიან გახვეული, საკუთარი დეპუტატის თანამდებობაზე უარი უნდა თქვან მანამდე, სანამ კორუფციის თითოეული შემთხვევა განხილული არ იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს PACE-ს თავმჯდომარემ მიშელ ნიკოლეტიმ .

ანგარიშში ცალკე თავი აქვს მიძღვნილი იტალიელ ლუკა ვოლონტეს, რომელიც 2016 წლის ბოლოდან იტალიაში ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. სწორედ ის არის მთავარი ეჭვმიტანილი, რომელმაც ოფიციალური ბაქოსგან ქრთამის სახით 2.4 მილიონი ევრო მიიღო  ოფშორული კომპანიების საშუალებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი