თბილისში ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს, ფარმაცევტი კი დაჭრეს – შსს

შსს–ს ცნობით, თბილისში ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს, ფარმაცევტს კი ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.

პოლიციის ინფორმაციით, 23 აპრილს აფთიაქის ჯგუფურად დაყაჩაღების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 2 პირი: ა.ტ. და გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. მათ შესაძლოა 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ.

გამოძიების ინფორმაციით, 23 აპრილს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქის გამყიდველს ცივი იარაღის მუქარით თანხა და პირადი ნივთები გასტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქალს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სახლში გაწერეს. სამართალდამცველების ცნობით, ა.ტ. და გ.შ. კახეთის გზატკეცილზე დააკავეს.

გ.შ-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ნივთები: თანხის ნაწილი, აფთიაქის თანამშრომლის მართვის მოწმობა, მის სახელზე რეგისტრირებული ბარათები, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ის ტანსაცმელი ამოიღო, რომელიც დაკავებულებს ყაჩაღობის დროს ეცვათ, აცხადებს პოლიცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com