ტორონტოში მინივენი ტროტუარზე შეიჭრა – 10 მოკლული და 15 დაშავებული

“მსგავსი არაფერი გვინახავს” – ასე იხსენებენ თვითმხილველები ტრაგიკულ ფაქტს, რომელიც ორშაბათს, ადგილობრივი დროით 13:20 საათზე, კანადაში, ტორონტოს გარეუბანში მოხდა. ტროტუარზე მინივენი შევარდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი მაუწყებელი (CBC) ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, სამართალდამცავებმა მინივენის მძღოლი, 25 წლის ალეკ მინასიანი, ეჭვმიტანილის სტატუსით უკვე დააკავეს. ტორონტოს პოლიციის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეს იყო “მიზანმიმართული მოქმედება”, თუმცა მოტივზე საუბარი უჭირთ.  მაგრამ, მათივე ცნობით, არ იკვეთება კავშირი ორგანიზებულ ტერორისტულ დაჯგუფებასთან და კანადის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შემთხვევა საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც პოლიცია აცხადებს, მინასიანის მოტივის დასადგენად ხანგრძლივი გამოძიება იქნება საჭირო.

როგორც CBC იტყობინება, LinkedIn–ის პროფაილის მიხედვით, ალეკ მინასიანი ადგილობრივი კოლეჯის სტუდენტია. ის ტორონტოს სამხრეთ გარეუბანში ცხოვრობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.