ახალი ამბებისამართალი

პერსონალური ინფორმაციის გაცემის წესების დარღვევაზე ინსპექტორმა BPგააფრთხილა

23 აპრილი, 2018 • 3465
პერსონალური ინფორმაციის გაცემის წესების დარღვევაზე ინსპექტორმა  BPგააფრთხილა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა “BP”–ს და hr.ge-ს დასაქმებულისთვის მის შესახებ არსებული ინფორმაციის მიწოდების წესების დარღვევაში სამართალდამრღვევად ცნო და გააფრთხილა.

“BP”–ს  ყოფილი დასაქმებული ვატო პირმისაშვილი აცხადებს, რომ კომპანიაში მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე 6 წელი მუშაობდა. BP-ში დასაქმების სააგენტო Hr-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა.

პირმისაშვილის თქმით, კომპანიამ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციულად გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რაც გასაჩივრებული აქვს სასამართლოში.

განთავისუფლების შემდეგ პირმისაშვილმა BP საქართველოს და Hr.ge-ს მიმართა, რომ გადაეცა მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. პირმისაშვილს აინტერესებდა, როდიდან ამუშავებდა კომპანია მის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რა იყო მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი, რა გზით გროვდებოდა პერსონალური მონაცემები, ვისზე გასცეს მის შესახებ პერსონალური ინფორმაცია.

პირმისაშვილი აცხადებს, რომ BP-ს და Hr.ge–ს დროულად არ მოუწოდებია კომპანიაში დაცული ინფორმაცია მის შესახებ და მიწოდებული ინფორმაციაც არ იყო სრული: ის არ შეიცავდა დისციპლინურ საქმისწარმოებასთან და პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ BP-მ პირმისაშვილს  წერილობით გადასცა მისი მონაცემების დამუშავების საფუძვლების შესახებ. ასევე, განმარტა, რომ წაშლილი იყო გარკვეული ტიპის ინფორმაცია, დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით კი კომპანია Hr.ge-სთან გადაამისამართა.

რაც შეეხება Hr.ge-ს, ინსპექტორის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ პირმისაშვილს გადასცა მის შესახებ დაცული პერსონალური ინფორმაცია, თუმცა დაგვიანებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა რეკომენდაცია მისცა, რომ მომავალში მკაფიო და კონკრეტული ინფორმაცია გასცეს დამუშავებული მონაცემების ნუსხის, მონაცემების დამუშავების მიზნების, სამართლებრივი საფუძვლების და შეგროვების წყაროების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა 2018 წლის 17 აპრილს მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი