ახალი ამბები

ყიდულობს თუ არა ირაკლი რუხაძე “იმედს”

23 აპრილი, 2018 • 3378
ყიდულობს თუ არა ირაკლი რუხაძე “იმედს”

ირაკლი რუხაძის მიერ ტელეკომპანია “იმედის” 100%-იანი წილის შესყიდვას “იმედში” არ ადასტურებენ. “ნეტგაზეთთან” საუბრისას იმედის იურისტმა ანდრო ლაშხმა განაცხადა, რომ ირაკლი რუხაძეს კომპანიის წილი არ შეუძენია.

“არ ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ არ მომხდარა. გავრცელებული ჭორია. ირაკლი რუხაძეს “იმედის” წილი არ შეუძენია,” – აცხადებს ანდრო ლაშხი. კითხვაზე, უახლოეს პერიოდში თუ გეგმავს ირაკლი რუხაძე შ.პ.ს ტელეიმედის წილის შესყიდვას, კომპანიის იურისტი გვპასუხობს: “მაგაზე ვერ გეტყვით ვერაფერს. აპირებს თუ არა ის შეძენას, ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის,”-ამბობს კომპანიის იურისტი.

ნეტგაზეთი ტელეკომპანია “იმედის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ბახტაძეს დაუკავშირდა. გიორგი ბახტაძეს ვკითხეთ, გახდა თუ არა ირაკლი რუხაძე ტელეკომპანიის მფლობელი. იმედის გენერალურმა დირექტორმა ტელეფონი გათიშა. მოგვიანებით კი მოგვწერა, რომ მსგავსი საკითხები შეგვიძლია საჯარო რეესტრში გადავამოწმოთ.

ნეტგაზეთს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ  ტელეკომპანიის წილის გასხვისებაზე ინფორმაცია მათთან ჯერ არ შესულა.

საჯარო რეესტრის თანახმად, შპს ტელეიმედის 100%-იანი წილის მფლობელი შპს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია”. შპს ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძეა. რაც შეეხება ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მისი 100%-იანი წილის მფლობელი ინა გუდავაძეა. ირაკლი რუხაძე სს “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.

ინფორმაცია, რომ “ტელეიმედის” 100%-იანი წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე იქნება, “ბიზნეს მედია საქართველომ” გაავრცელა. bm.ge წერს, რომ HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. BMG-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100 % ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის.

გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიის გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. “ინფორმაციას „იმედის“ 100%-იანი წილის გასხვისების შესახებ არ ვფლობ, ამიტომ ვერაფერს დაგიდასტურებთ” ,-აცხადებს მზია პატარკაციშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი