ბაჩო ახალაიას სერგო თეთრაძის წამების საქმეზე 9 წელი მიუსაჯეს

დღეს, 23 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო და 9 წელი მიუსაჯა. დღესვე, ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მის მოადგილეს, ბრალდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურა ჯერ ვერ აკონკრეტებს, საიდან დაიწყება მსჯავრდებულების საპატიმრო ვადის ათვლა. იმ შემთხვევაში, თუ ათვლა ბაჩო ახალაიას დაკავების დღიდან, ანუ 2012 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყება, ყოფილი თავდაცვის მინისტრი პატიმრობაში კიდევ თითქმის 3 წელი და 7 თვე დარჩება.

პროკურორ, მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, დღევანდელი განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ბაჩანა ახალაია სცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში, რასაც ბრალდების მხარე მათ ედავებოდა, მათ შორის:

  • სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში;
  • სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების ორგანიზებაში;
  • დავით ლონდარიძის მიმართ განხორციელებულ წამიბასა და არაადამიანურ მოპყრობაში;
  • გიორგი გორელაშვილის მიმართ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასა, ასევე, წამების ორგანიზებაში;
  • სამსახურეობრივი სიყალბის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

თითოეული ქმედებისთვის ბაჩანა ახალაიას განესაზღვრა სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო, საბოლოო ჯამში, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლისა და ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ყოფილ თავდაცვის მინისტრს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაია უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა სერგეი ჩაპლინგის შესაძლო წამების ბრალდების ეპიზოდზე. პროკურორის განმარტებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალდებიდან ამოერიცხა კონკრეტულ პირთან მიმართებაში კონკრეტული ქმედება, თორემ ის დამნაშავედ არის ცნობილი ე.წ. ჯაშუშების საქმეზე დაკავებული ყველა პირის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებისათვის.

“რაც შეეხება ეპიზოდს, რომელიც გულისხმობს გრიფით საიდუმლო საქმეს, ამ საქმის მიმდინარეობისას ბრალდების მხარე ვაცხადებდით, რომ ჩვენ არ ვართ უფლებამოსილები, ვისაუბროთ დეტალებზე. მოგეხსენებათ, რომ ბრალდების ეს ნაწილი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, დეტალების კონკრეტიკას ვერ მოვახდენ, თუმცა კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ ბაჩანა ახალაია ამ საქმეში დამნაშავედ სცნეს.

ბაჩანა ახალაიას ბრალი ედებოდა იმაში, რომ მეგის ქარდავას დაეხმარა, გაეფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სამხედრო პოლიციის კუთვნილი თანხა 60 ათას ლარამდე. ბაჩანა ახალაიასთვის დღეს გახლავთ უკვე მეოთხე გამამტყუნებელი განაჩენი. ერთ-ერთ ეპიზოდზე ის შეწყალებუია საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით – ეს არის ე.წ. ბუნტის საქმე. ბაჩანა ახალაია გამართლებულია მხოლოდ ორ საქმეზე,” – განაცხადა პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა.

პროკურორის განცხადებით, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი იმ დროისთვის, როდესაც განხორციელდა კონკრეტული დანაშაულები, იყო თავდაცვის მინისტრის (ბაჩანა ახალაიას) მოადგილე, ხოლო უშუალოდ მისი მითითებითა და დავალებით მოხდა სამსახურეობრივი სიყალბის განხორციელება:

“მოცემულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აწარმოეს პირებმა, რომლებიც არ იყვნენ დანიშნულები თანამდებობებზე კანონით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული აქტი გამოიცა 26 სექტემბერს, ხოლო გამომძიებლები თანამდებობებზე დანიშნულად ჩაითვალნენ 10 აგვისტოდან. შესაბამისად, აღნიშნული მოქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. სასამართლომაც მიიჩნია, რომ ეს არის დანაშაული. ის, ასევე, დღევანდელი განაჩენით, ის მსჯავრდებულია მითვისებასა და სამსახურეობრივი სიყალბისთვის.”

  • ბაჩო ახალაია ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს უნდობლობას უცხადებს. დღევანდელ პროცესს არც ყოფილი თავდაცვის მინისტრი და არც მისი ადვოკატი ესწრებოდნენ. ჯერ კიდევ 2014 წელს ახალაიამ სერგო თეთრაძის საქმეზე განაცხადა, რომ ბრალდებები “ტყუილია”:

“ამ საქმეზე საუბარი არც ღირს, ეს ისეთივე ტყუილია, როგორებიც აქამდე ნანახი ყველა სხვა დანარჩენი, მთავარი კი ის არ არის, რომ დღეს საქართველოს ებრძვის რუსეთი ივანიშვილის ხელით, ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ყველას გთხოვთ, დააკვირდეთ მოვლენებს და ეს ცხადზე ცხადი გახდება”.

  • დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ სერგო თეთრაძის ოჯახის წევრები. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მედიასთან კომენტარი პოლკოვნიკის ცოლმა, ნანა თეთრაძემ გააკეთა:

“დღეს 6 წელი და 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე გამოასალმეს სიცოცხლეს. ძალიან მტკივნეული იყო თითოეილული დღე ჩვენთვის. არანაირი განაჩენი შეცვლის იმ მდგომარეობას და შეგვიმსუბუქებს იარებს, რომელიც გვაქვს მიღებული. მიუხედავად ამდენი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა, კორიანტელი იმ უბედურების, რაც დატრიალდა ჩემი მეუღლის თავზე, ის ძალიან ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან; მან არ აღიარა შეკერილი საქმე, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო აბსურდული.

მე არანაირად და ვერანაირად შევცვლი კანონმდებლობას, მაგრამ ვთვლი, რომ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებული უნდა იყოს, ვიდრე ის ვადა, რაც ბაჩო ახალაიას მიესაჯა.”

პროკურატურის განცხადებით, 2011 წელს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან და №8 საპყრობილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა, წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

“2011 წლის სექტემბრის თვეში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს, თადარიგის პოლკოვნიკს სერგო თეთრაძეს და მოქალაქეებს, სერგეი ჩაპლიგინს და გიორგი გორელაშვილს.

ცემისა და წამების დროს ბაჩანა ახალაიამ ამოიღო თანნაქონი იარაღი, მიაბჯინა სახეზე ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს და დაემუქრა მოკვლით, თუ ეს უკანასკნელი არ აღიარებდა დანაშაულს, თან აგინებდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, როდესაც ცემისაგან დაუძლურებულ დავით ლონდარიძეს მეგის ქარდავა დაემუქრა სექსუალური ძალადობით, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დათანხმებულიყო მასზე მოძალადე პირების მოთხოვნას და ეღიარებინა, თითქოსდა იგი ჩადიოდა ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ. მორიგი იძულებითი აღიარების მიღების მიზნით, მეგის ქარდავა, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ბაჩანა ახალაიასთან შეთანხმებით, გიორგი გორელაშვილს მთელი დღის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

კერძოდ, სისტემატურად ცემდნენ მას პლასტმასის მილით, ემუქრებოდნენ, რომ მავთულის დიდი ზომის საჭრელი მაკრატლით თითებს დააჭრიდნენ და მის თითებს ათავსებდნენ მაკრატლის საჭრელ პირებს შორის. შემდგომ მას ყელზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა და აიძულებდნენ ოთხზე ეხოხა შენობის დერეფანში. მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდენ, რომ გიორგი გორელაშვილი არ აღიარებდა არჩადენილ დანაშაულს, იგი, როგორც „ჯაშუშობაში“ ბრალდებული, გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. ასევე, აღიარების მიღების მიზნით, ისინი სერგო თეთრაძეს აყენებდნენ ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას.

სერგო თეთრაძემაც, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძლიერი ფიზიკური ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას, რის საფუძველზეც, 2011 წლის 23 სექტემბერს, ბაჩანა ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა, ა.ტ-მ და თ.ს-მ საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა.

სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად,” – აცხადებდა მთავარი პროკურატურა.

როგორც მთავარი პროკურატურა აცხადებს, ამ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და გასამართლებული არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების თანამშრომლები, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია, თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.