ცრუ დასმენის საქმეზე გიორგი ოქროპირიძე სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

დღეს, 23 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება გიორგი ოქროპირიძის გამართლების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე 2017 წელს უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა როგოც ცრუ დასმენის (სსკ-ს 373ე მუხლი), ასევე, ცრუ ჩვენების მიცემის (სსკ-ს 370-ე მუხლი) ნაწილში.

  • მოსამართლე გერონტი კახეთელიძის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, კომენტარი გააკეთა გიორგი ოქროპირიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ნამდვილად ელოდა სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელ განაჩენს, თუმცა მაინც ნერვიულობდა.

“დადასტურდა, რომ ჩემი შვილი ნამდვილად გახდა წამების მსხვერპლი 2014 წლის 22 სექტემბერს N3 დაწესებულებაში და რომ ის ცრუდ დაასმინა ბრალდებამ 05.06.2015 წელს ვერდიქტის ვერ-მიღების მერე პატიმრობის ვადის გაგრძელების მიზნით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეკვეთით. ეს პრეცედენტული გამამართლებელი განაჩენი არის საბრალდებო დასკვნა იმ სასჯელაღსრულების თანამშრომლებისთვის, წამების შემკვეთებისთვის და ბრალის წარმდგენთა მიმართ, რომლებმაც შეასრულების გამართლებულის წამება მაღალჩინოსანთა დავალებით არჩადენილი დანაშაულის აღიარების მოსაპოვებლად.

მათ შეუკვეთეს 18 დღის მოშიმშილე ოქროპირიძის წამება, მოიტაცეს თბილისის N8 ციხიდან და N3 ბათუმის ციხეში აწამეს, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს, შემდგომ არაეფექტურად გამოიძიეს, 3 კვირაში საქმე დახურეს და მხოლოდ მას მერე, რაც N1 საქმეზე მთავრობისთვის სასურველი ვერდიქტი ვერ დადგა 05.06.2015 წელს, რაც გამამართლებელი ვერდიქტის ტოლფასი იყო, წამებიდან და საქმის დახურვიდან 8 თვის მერე 09.06.2015 წელს აბსურდული, უსაფუძვლო ბრალი წაუყენეს წამების ფაქტზე სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო – „ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის“, რაც განხორციელდა პოლიტიკოსთა შეკვეთით და საქართველოში პირველად საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო კანონომდებლობის საწინააღმდეგოდ განმეორებით პატიმრობაში დატოვეს გამართლებული გიორგი ოქროპირიძე.

დამდგარია გამოუსწორებელი ზიანი გიორგის მიმართ – მას წაერთვა ყველაზე ძვირფასი სიკეთე – თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება; სახელმწიფომ კანონმდებლობის დარღვევით, საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე „ცრუდ“ დაასმინა არჩადენილ დანაშაულში, რითაც შეულახა მას პატივი და ღირსება საზოგადოების, სასამართლოსა და ნაფიცი მსაჯულების თვალში; გამართლებული გიორგი ოქროპირიძე, მის პირველ სისხლის სამართლის საქმეზე 05.06.2015 წლის ვერდიქტის ვერმიღების მერე, მეორედ შეკრებილ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე მიზანმიმართულად ამყოფეს „პატიმრის“ სტატუსით, თანაც „ცრუ დასმენის/ცრუ ჩვენების“ ბრალდებით, რამაც იმოქმედა ვერდიქტზე და განაჩენზე,” – აცხადებს ცირა გოდერძიშვილი.

გიორგი ოქროპირიძის დედის თქმით, მიღებული ზიანი გამოუსწორებელი და შეუფასებლად მძიმეა, რაც ამ ბრალდებით მის შვილს მიადგა:

“თუმცა მჯერა სამართლიანობის. მადლობა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გერონტი კახეთელიძეს, რომ გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება.”

  • პროკურორ ლაშა კოტრიკაძის თქმით, ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში აუცილებლად გაასაჩივრებს საკასაციო წესით. როგორც მან ნეტგაზეთს განუცხადა, მესამე ინსტანციის სასამართლოში პროკურატურას, დაახლოებით, იგივე არგუმენტაცია ექნება, რაც ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.

გიორგი ოქროპირიძის საქმე – სიახლეები

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ოქროპირიძეს პროკურატურამ ეს ბრალი წაუყენა. რომ არა ცრუ დასმენის შესახებ ბრალის წაყენება, ოქროპირიძე საპატიმროს დატოვებდა.

პროკურატურა ამ განაჩენს ამ დრომდე არ ეთანხმება.

ცრუ დასმენის საქმე ეხება ბათუმის ციხეში ყოფნის პერიოდში სახალხო დამცველისადმი 2014 წლის 22 სექტემბერს მიცემულ ახსნა-განმარტებას. ამ ახსნა-განმარტების გამო გიორგი ოქროპირიძეს ბრალი თითქმის 9 თვის შემდეგ, 2015 წლის ივნისში წაუყენეს. ახსნა-განმარტებაში, რომელიც პროკურატურამ “ცრუ დამსენად” შერაცხა, ოქროპირიძე აღწერდა, თუ როგორ აწამებდნენ. სასამართლომ ცრუ დასმენის საქმის განხილვა 2 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ დაასრულა.

პროკურატურის მიერ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა 2 დღის შემდეგ, 8 ივნისს, მას პროკურატურამ “ცრუ დასმენის” შესახებ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი კვლავ შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოქროპირიძე ამჟამად სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.