ახალი ამბები

139-ე სკოლაში მოსწავლეებისთვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვას აუდიტი სწავლობს

23 აპრილი, 2018 • 1909
139-ე სკოლაში მოსწავლეებისთვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვას აუდიტი სწავლობს

თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის საკითხს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური სწავლობს. როგორც “ნეტგაზეთს” საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ სკოლაზე სამინისტროში რამდენიმე საჩივარია შესული და მათ აუდიტის სამსახური სწავლობს.

სამინისტროში “ნეტგაზეთს” ასევე განუცხადეს, რომ 139-ე სკოლაში მოსწავლეების ბიბლიოთეკაში შესაძლო გამოკეტვაზე  სამინისტროს ინფორმაცია არ ჰქონდა და ამ საკითხის შესწავლა აუდიტმა გუშინ, 22 აპრილიდან დაიწყო.

მოსწავლეებისთვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვაზე ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. PS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ნინო ხოხობაშვილი ლაპარაკობს.

“უფროსკალსელები მარტოები დადიან სკოლაში და ისინი ხშირად აგვიანებენ. ამიტომ, მან [სკოლის დრექტორმა] გადაწყვიტა, ეს რომ აღეკვეთა,  ასეთი სადამსჯელო ღონისძიება გაეტარებინა, რომ დაგვიანებული მოსწავლეები შევიდოდნენ ბიბლიოთეკაში და იქ მათ ამყოფებდნენ გაკვეთილების დამთავრებამდე, ჩამოართმევდნენ ტელეფონებს და საპირფარეშოშიც არ გაუშვებდნენ. ეს განახორციელა კიდეც,” – ამბობს მასწავლებელი.

მასწავლებლის მონაყოლს სკოლის რამდენიმე მოსწავლეც ადასტურებს PS-თან.

მანამდე, თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები სკოლის დირექტორის, ნათია ფხალაძის მიერ ამავე სკოლის პედაგოგის, ლელა მაზმიშვილის გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დისკრიმინაციულია. თუმცა მაშინ მოსწალვეებისთვის შესაძლო თავისუფლების შეზღუდვაზე არავინ საუბრობდა.

ნეტგაზეთი შეეცადა სკოლის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი