ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქციას სომხეთში ჯარისკაცთა ნაწილი შეურთდა

23 აპრილი, 2018 • 2121
აქციას სომხეთში ჯარისკაცთა ნაწილი შეურთდა

ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული ათეულობით მოქალაქე ერევანში მომიტინგეებს შეურთდა.

“ჩვენ ჩვენი ხალხის გვერდით ვართ”, – აცხადებენ ისინი.

პარტია “სამოქალაქო შეთანხმების” წარმომადგენელი რუბენ რუბინიანი ამბობს, რომ “არმია და სამხედროები აპოლიტიკური უნდა იყვნენ და ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიონ. პოლიტიკურ პროცესებში არმიის მონაწილეობის პასუხისმგებლობა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზეა”.

მშვიდობიან აქციას ერევანში დღეს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეურთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.

საპროტესტო აქციები ერევანში დილიდან განახლდა. სომხეთის პოლიცია აცხადებს, რომ აქციები არასანქცირებულია და, შესაბამისად, დემონსტრაციას დაშლის. საზოგადოება უკვე გუშინვე ელოდა მიტინგის დარბევას, როდესაც ხელისუფლებამ ქუჩაში მძიმე ტექნიკა გამოიყვანა.

ამ დრომდე უცნობია ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ადგილსამყოფელი. ის გუშინ, 22 აპრილს, სერჟ სარგსიანსთან შეხვედრის შემდეგ პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში, პოლიციისა და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ათეულობით მოქალაქეა დაკავებული.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს.

სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი