აქციების მეათე დღე ერევანში – რას აპროტესტებენ სომხეთში

როგორ და რატომ დაიწყო აქციები სომხეთში

ათწლიანი საპრეზიდენტო მმართველობის შემდეგ სერჟ სარგსიანის უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩენის საფრთხე სომხეთში პირველად ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა. 

აქცია სლოგანით “არა სერჟს”! მოქმედი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ერევანში ჯერ კიდევ 23 მარტის გაიმართა. მარში ახალგაზრდა აქტივისტებმა გამართეს და მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქვეყნის ოპოზიციურ პარტიებს. მოქალაქეებმა აქციის შესახებ ფეისბუკიდან შეიტყვეს.

აქცია ერევანში სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ მუგდუსიანი

პარალელურად ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლებს არგუმენტების ჩამოყალიბება უწევდათ, რატომ უნდა დარჩენილიყო სერჟ სარგსიანი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, თუმცა თავად სარგსიანი პირდაპირ და ღიად არ საუბრობდა საკუთარი გეგმების შესახებ. მეტიც, 2014 წლის 10 აპრილს აბსოლუტურად ცალსახა პირობა დადო, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეტენზია არ ექნებოდა.

რამდენიმე დღეში სარგსიანი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად უკვე ოფიციალურად დაასახელეს, რასაც ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციებიც მოჰყვა.

პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება”, რომელიც ოპოზიციური ბლოკის, “ელკის” ნაწილია, სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გახანგრძლივების წინააღმდეგ კამპანია “ჩემი ნაბიჯი” დაიწყო. თუმცა თავდაპირველად ყველაფერი იმით შემოიფარგლებოდა, რომ პარტიის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი და მისი თანაგუნდელები ონლაინ რეჟიმში ტრანსლირებდნენ, თუ სად გადაადგილდებიან ფეხით. პაშინიანის გეგმით, კამპანია სერჟ სარგსიანის პრემიერად დანიშვნის წინააღმდეგ ერევანში დიდი მიტინგითა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციებით უნდა დასრულებულიყო.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. 17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სარგსიანის ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. გუშინ, 22 აპრილს მომიტინგეთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

დღეს, 23 აპრილს აქციას სტუდენტების დიდი ნაწილი და ათეულობით ჯარისკაცი შეუერთდა.

პროგნოზები

დამოუკიდებელი ექსპერტები და პოლიტოლოგები ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, სანამ სერჟ სარგსიანს ოფიციალურად აირჩევდნენ პრემიერად, მოვლენების ოპოზიციის სასარგებლოდ განვითარებას არ მოელოდნენ. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ საპროტესტო აქციები მაშინვე დასრულდებოდა, როდესაც სარგსიანს ოფიციალურად აირჩევნენ.

თუმცა, ამასთან, მათივე აზრით, სერჟ სარგსიანის “მესამე ვადის” დაშვება ლოგიკურად უნდა გამხდარიყო სომხური საზოგადოების მასობრივი მობილიზაციის საბაბი.

“სარგსიანის ხელისუფლების გახანგრძლივება, მით უმეტეს, პოტენციურად განუსაზღვრელი ვადით, აზერბაიჯანის ან ცენტრალურ აზიის მსგავსად, ფაქტიურად ნიშნავს პოლიტიკური სისტემის აბსოლუტურად ავტორიტარულ მოდელზე გადასვლას”, – წერდა ნეტგაზეთის სტატიაში პოლიტოლოგი მიკაელ ზოლიანი.

დღეს კი, ექსპერტების აზრით, მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, რთული ხდება პროგნოზების გაკეთება, თუმცა, მათი მოსაზრებით, მიმდინარე აქციები სომხეთში საგრძნობლად დაასუსტებს სერჟ სარგსიანის და მმართველი გუნდის პოზიციებს.

სარგსიანის პოზიცია

აქციების პარალელურად სომხეთის პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ამბობს, რომ სწორედ ხშირი საპროტესტო აქციებია იმის მიზეზი, რომ სომხეთის ეკონომიკა არ ვითარდება – “ინვესტორებისა და ტურისტების დიდ ნაკადს სომხეთში ყოველწლიური დემონსტრაციები ხელს უშლის”. ამის შესახებ სარგსიანმა სომხეთის ტელეკომპანია “შანტს” განუცხადა.

დღეს სერჟ სარგსიანი და მისი მხარდამჭერები 2017 წლის არჩევნების შედეგებით სპეკულირებენ, თუმცა, შეიძლება თუ არა ისინი სარგსიანის მხარდაჭერად განვიხილოთ – ექსპერტებს საეჭვოდ მიაჩნიათ.

სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩენილიყო.

საპროტესტო აქცია, ერევანი, სომხეთი, 23 აპრილი, 2018; ფოტო: ნეტგაზეთი

სომხეთში მიმდინარე მოვლენებს თვალი ადევნეთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი