ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირი სომხეთის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

22 აპრილი, 2018 • 1458
ევროკავშირი სომხეთის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩმა სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებულები და რესპუბლიკაში შიდაპოლიტიკური კრიზისის დასარეგულირებლად პოლიტიკური დიალოგი დაიწყოს.

“შეკრების თავისუფლების უფლება მშვიდობიანი მეთოდებითა და კანონის შესაბამისად, ყველა მოქალაქის საყოველთაო და ფუნდამენტური უფლებაა. ევროკავშირი მოელის, რომ სომხეთის ხელისუფლება ამ უფლებას პატივს სცემს და სამართლიანად და პროპორციულად გამოიყენებს კანონს სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის  ადამიანის უფლებების შესახებ და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვეცნიის ფარგლებში”.

სომხეთში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ ოპოზიციის აქციებზე ერევანში და სომხეთის სხვა ქალაქებში პოლიციამ 200-ზე მეტი მოქალაქე დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც საპროსტესტო აქციებს ხელმძღვანელობდნენ.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ. სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს. სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს გახდა სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების მიზეზი.

ერევანი; 22 აპრილი, 2018; ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი