რუსთავი 2″-თან დაკავშირებით 12 პოლიტიკური პარტია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

12 პოლიტიკური პარტია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართვს და სთხოვს ძალაში დატოვოს დროებითი ღონისძიება. პარტიების განცხადებით, ხელისუფლების მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში უმსხვლისესი კრიტიკული მედია ჩამოიშოროს.

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნას მოითხოვს და აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება ირღვევა.

2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქეყნების მეორე დღეს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საჩივრის საფუძველზე გამოიყენა დროებითი ღონისძიება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

“გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ მოთხოვნით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის რეალურ მიზანს – ქვეყანას ჩამოაშოროს კრიტიკული აზრის უმსხვილესი გამავრცელებელი. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებულ იქნეს მოთხოვნის დროის კონტექსტიც – იგი ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც კიდევ უფრო მწვავეა კრიტიკული მედიის მნიშვნელობა და როლი დემოკრატიისთვის,”-წერია განცხადებაში.

პოლიტიკური პარტიების შეფასებით, დავის გადაწყვეტამდე დროებითი ღონისძიება შენარჩუნება ქართული დემოკრატიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

“თუ დღეს საქართველოში ჯერ კიდევ შეინიშნება დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ნიშნები და არსებობს პლურალისტური მედია-პლატფორმა ოპოზიციური აზრის გასაჟღერებლად, ეს მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დამსახურებაა, რომელმაც შეაჩერა ხელისუფლების მიერ მართული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამით შეინარჩუნა “რუსთავი 2,” როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია. იმედს ვიტოვებთ, ეს ღონისძიება დავის გადაწყვეტამდე ძალაში დარჩება,”-ნათქვამია განცხადებაში.

ევროსასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაზე ხელს 12 პოლიტიკური პარტია აწერს:

“ახალი საქართველო” – გიორგი ვაშაძე;

“ევროპელი დემოკრატები” – პაატა დავითაია;

“ევროპული საქართველო” – დავით ბაქრაძე;

“ეროვნულ დემოკრატიული პარტია” – ბაჩუკი ქარდავა;

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ნიკა მელია;

“თავისუფალი დემოკრატები” – შალვა შავგულიძე;

“ლეიბორისტული პარტია” – შალვა ნათელაშვილი;

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” – ნიკა მაჭუტაძე;

“პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება” – კონსტანტინე გამსახურდია;

“რესპუბლიკური პარტია” – ხათუნა სამნიძე;

“სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” – ზურა ხარატიშვილი;

“ახალი მემარჯვენეები” – მამუკა კაციტაძე.”

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.