ახალი ამბები

12 აპრილს გაუჩინარებული ორი მოზარდი იპოვეს

21 აპრილი, 2018 • 4302
12 აპრილს გაუჩინარებული ორი მოზარდი იპოვეს

12 და 16 წლის დები, რომლებიც საქართველოს ერთ-ერთი რეგიონში სახლიდან 12 აპრილს გავიდნენ და ვერ პოულობდნენ, დღეს, 21 აპრილს იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

უწყების ცნობით, ისინი უსაფრთხოდ არიან.

გოგოების გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით იყო დაიწყებული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

გოგოების მშობლებმა “კურიერს” 20 აპრილს უთხრეს, რომ მათ ოჯახში კონფლიქტი არ ჰქონიათ. გაუჩინარებულების მეგობრის თქმით, გოგოებს სკოლაში თანატოლები ჩაგრავდნენ და სწორედ ამიტომ ქალაქიდან გაქცევას გეგმავდნენ. გაუჩინარებიდან მეორე დღეს კი მას დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ კარგად არიან. ჩაგვრის ფაქტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს სკოლის დირექტორი, რომელმაც “კურიერთან” მსგავსი რამ საერთოდ უარყო.

განახლება, 19:25: ნიუსის თავდაპირველი სათაურის მიხედვით, გოგოები ნაპოვნი არ იყვნენ. გამოქვეყნებიდან მალევე შსს-მ ნეტგაზეთს აცნობა, რომ გაუჩინარებული მოზარდების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი