ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის გამოცდა შეაჩერა

21 აპრილი, 2018 • 2390
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის გამოცდა შეაჩერა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ქვეყანა წყვეტს როგორც შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტების, ისე – ბირთვული იარაღის გამოცდას. მათი თქმით, ამ ცდების მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ მათ მსგავსი იარაღი ნამდვილად აქვთ. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება წინ უძღვის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაგეგმილ შეხვედრებს აშშ-ისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებთან.

ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებები შემდეგ კვირას გაიმართება. ისტორიული შეხვედრა შედგება ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯაე ინს შორის. მაისში არის დაგეგმილი დონალდ ტრამპის შეხვედრა კიმ ჩენ ინთან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ჩრდილოეთ კორეის ამ გადაწყვეტილებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ კი თქვა, რომ საჭიროა ბირვული იარაღისგან “შეუქცევადი” და “დადასტურებული” გათავისუფლება.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო და შორი მანძილისთვის განკუთვნილი არაერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომლებსაც ატომური ბომბის გადატანა შეუძლიათ. ამ ცდების გამო სიტუაცია თვეების განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული კორეის ნახევარკუნძულზე.

18 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც კიმ ჩენ ინს შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი