მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, გამოქვეყნებულ 2017 წლის ანგარიშში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების, ასევე, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაუგრძელა ლიცენზია ორ თურქულ სასწავლო დაწესებულებას, რომლებიც თურქეთის ხელისუფლებამ გიულენის მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა.

ერდოღანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამერიკაში მცხოვრები სასულიერო ლიდერი, წარმოშობით თურქი ფეთულა გიულენი იდგა თურქეთში 2015 წლის გადატრიალების მცდელობის უკან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა ქართული სამოქალაქო სექტორის შეფასებას, რომლის მიხედვითაც, ჩაღლარის ქსელის სკოლებისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. სწორედ ამავე კონტექსტშია ნახსენები დემიერლის კოლეჯის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის თავშესაფარზე უარის თქმა და თურქეთის მოთხოვნით მისთვის წინასაექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლიზეც, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა აზერბაიჯანთან თანამშრომლობაში, რის შედეგადაც ის 2017 წლის მაისში თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანში გაიტაცეს. ამავე ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი ის მოვლენები, რაც მუხთარლის საქმის გარშემო განვითარდა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში კრიტიკულად არის შეფასებული მედიაპლურალიზმის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებამ, მაესტროს, GDS-ისა და იმედის ერთ ჰოლდინგში გაერთიანებასთან ერთად, ვითარება ამ კუთხით გააუარესა.

გაიგეთ უფრო მეტი მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეებზე

კობახიძე მუხთარლის გაუჩინარებიდან 9 თვის თავზე: უნდა დაველოდოთ გამოძიებას

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.