ახალი ამბები

ომბუდსმენმა ბავშვზე ძალადობისა და სასტიკი დამოკიდებულბის ამსახველი ვიდეოს შესწავლა დაიწყო

20 აპრილი, 2018 • 1523
ომბუდსმენმა ბავშვზე ძალადობისა და სასტიკი დამოკიდებულბის ამსახველი ვიდეოს შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება.

ვიდეო, სავარაუდოდ, ბავშვების მიერ არის გადაღებული და “მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს”

სახალხო დამცველის ცნობით, დაიწყეს საქმის შესწავლა და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ომბუდსმენი საზოგადოებას მოუწოდებს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვიდეოს გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

“კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე, შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, რაც არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ვიდეო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია ,”- აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს:

  • მყისიერად აღიკვეთოს ვიდეოჩანაწერის გავრცელება;
  • დაიწყოს შემთხვევის გადაუდებელი გამოძიება, მოხდეს მასში მონაწილე პირების და გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება;
  • შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა გაეწიოს მსხვერპლ ბავშვს, მათ შორის განხორციელდეს მონიტორინგი სამომავლოდ მისი უფლებების დაცვის და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად;
  • გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეოჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციის და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი