ბიბილოვმა ბაშარ ასადი ცხინვალში მიიწვია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დროს სირიის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო რეს-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, ბიბილოვმა სირიასთან ურთიერთობების განვითარების სურვილი გამოთქვა, სირიელი ხალხის მიმართ, რომელიც ტერორიზმსა და დასავლეთის ქვეყნების აგრესიას უპირისპირდება, სოლიდარობა გამოხატა და პრეზიდენტი ბაშარ ასადისთვის ცხინვალში მიწვევა გადასცა.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სირიის არაბულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს. სამხრეთ ოსეთის ხალხს მშვენივრად ესმის, რასთან გიწევთ დაპირისპირება. დარწმუნებული ვარ, სამართლიანობა გაიმარჯვებს, სირიელი ხალხი კვლავ მშვიდობიან ქვეყანასა და კეთილდღეობაში იცხოვრებს, და ის დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სირიას გიწევთ, ამას ხელს შეუწყობს”, – ამბობს ბიბილოვი.

პრეზიდენტ ბაშარ ასადს სოლიდარობას, მოსკოვისა და ცხინვალის მსგავსად, სოხუმშიც უცხადებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი