ახალი ამბებისაზოგადოება

რას ყვებიან აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოსული მუშები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ

20 აპრილი, 2018 • 19621
რას ყვებიან აგარიდან თბილისში ფეხით ჩამოსული მუშები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევენ

აგარელი მუშები, რომლებმაც აგარიდან თბილისამდე ფეხით საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს, თბილისში 19 აპრილს, გვიან ღამით ჩამოვიდნენ. ისინი 20 აპრილის ღამეს ქალაქის განაპირას, დიღმის მასივის ტყე-პარკში, კარვებში ათენებენ, დილით კი კანცელარიასთან აქციას გამართავენ. როგორც მუშები ნეტგაზეთთან საუბარში ყვებიან, უკვე 7 თვეა, რაც მათ შემოსავლის წყარო აღარ გააჩნიათ, ხელისუფლებასთან კი მათ ერთი კითხვა აქვთ, ასწავლონ მათ, თუ როგორ იარსებონ ფულის გარეშე.

აგარიდან თბილისამდე ფეხით

რას გვიყვებიან აგარის ქარხნის თანამშრომლები

“ვმუშაობ 9 წელია. აგარიდან თბილისამდე ფეხით ჩამოსვლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მყავს 3 წლის შვილი და გუშინწინიდან მოყოლებული მას სიცხე აქვს, მე კი წამლის ფული არ მქონდა, რომ მეყიდა. პურის ჭამაზე და ჩაცმაზე უკვე ზედმეტია საუბარი. ჩაცმაზე ვინღა საუბრობს. ვითხოვთ და ვთხოვთ მთავრობას, მოგვაქციონ ყურადღება და ელემენტარული აგვიხსნან, ეს უსახსრობით როგორ გავაკეთოთ. ვითხოვთ ჩვენს ორ კაპიკს, რომელიც შეიძლება ჩვენი შრომითა და ხელით ვიშოვოთ. ძალიან რთული იყო გზის გადალახვა. დალეწილები ვართ,” – უთხრა ნეტგაზეთს აგარის ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დავით ღათაშვილმა. 

დავით ღათაშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

“აგარის დაბა ქარხნის ირგვლივ გაშენდა.  ეს წარმოება არის ჩვენი სახლი..უკვე მეშვიდე თვეა ჩვენ უმუშევრები ვართ, ასეთი მდგომარეობა ჩვენ არ გვქონია არასდროს და ამ ფორმით ვაპროტესტებთ. ეს პირველი ფორმა არ არის, ჩვენ 48 დღე-ღამე, ქალი და კაცი ვიყავით ქარხნის წინ. რაღაცას გვაიმედებდნენ, რაღაცას გვეუბნებოდნენ, თუმცა შედეგი ამას არ ჰქონია. დღეს ასეთი ფორმით გადაწყვეიტეთ. 110 კილომეტრი ფეხით დავფარეთ, გუშინ გამოვედით და დღეს ჩამოვედით, დღეს აქ დავბანაკდებით, ხვალ გვინდა მივიდეთ კანცელარიასთან, მთავრობას ვკითხოთ, როგორ ვიარსებოთ ?! ,” – გვითხრა ზაზა ალბურიშვილმა, რომელმაც აგარის ქარხანაში 17 წელი იმუშავა. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აგარელი მუშები 48 დღის განმავლობაში ქარხნის გაჩერებას შენობის წინ აპროტესტებდნენ, არცერთი სამთავრობო უწყება მათ არ დახმარებია.

ავდექით და გადავწყვიტეთ, ასეთი ფორმით გაეგო საზოგადოებას და საქართველოს, რა დღეშია ჩვენი პატარა დაბა და რისთვის ვიბრძვით. ამ ხალხს უნდა შრომის უფლების დაბრუნება, სხვა არაფერი. ჩვენ ყველა სუფთა ზურგით მოვდივართ , არავის ეჭვი არ გაუჩნდეს. ეს არის სუფთა მუშების პროტესტი,”- განმარტავს ზაზა ალბურიშვილი.

ზაზა ალბურიშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ ნეტგაზეთი

15 წელია, რაც ქარხანაში ვმუშაობ. ეს გადაწყვეტილება  კი იმიტომ მივიღეთ, რომ 7 თვის განმავლობაში თითოეულს ლარი არ აქვს შეტანილი ოჯახში და თითოეულს გვყავს ცოლ-შვილი, პლუს კიდევ ბანკების ვალდებულებები, რომლებსაც ვერ ვიხდით. ეს 48 დღე 24-საათიან რეჟიმში ვიყავით. არანაირი პასუხი არ მიგვიღია. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ხმა ასე ჩავიტანოთ, ფეხით მსვლელობით, რომ მთელ საქართველოს გავაგებინოთ, რომ ერთი პატარა დაბა არის პარალიზებული. თან ისეთი საწარმოს მუშები ვართ, რომელიც ყველას სჭირდება. მთელ საქართველოს სჭირდება, ყველა ოჯახს სჭირდება. ასეთი საწარმო მეორე საქართველოში არ გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ მივიტანოთ ეს ჩვენი ხმა, რომელიც 100 კილომეტრიდან ვერ გაიგეს, იქნებ 100 მეტრში გაიგონ,” – განაცხადა აგარის ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ზაქარია თურმანიძემ.

ზაქარია თურმანიძე აგრეთვე ამბობს, რომ როგორც მისთვის, ასევე აგარის ქარხნის თანამშრომელთა უმეტესობისთვის, ის არგუმენტი, რომ შაქარი კონკურენტუუნაროა, არასერიოზული და მიუღებელია.

ჩვენს პროდუქტს აქვს უმაღლესი ხარისხი და უპირველეს ყოვლისა, ამ პროდუქტს ჩვენ ჩვენს ოჯახებს ვახმართ. ის რომ უხარისხო იყოს, ჩვენ ხომ მას არ შევიტანდით. რომ შემოდის შაქარი, აი, სწორედ ეგ არის საეჭვო. ჩვენ მუშები, 180-ლარიანი მუშა გვყავს, სამარცხვინო და სამათხოვროდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ხელებით ვარჩინოთ ოჯახები,” – გვითხრა ზაქარია თურმანიძემ.

ზაქარია თურმანიძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ ნეტგაზეთი

“ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა უკიდურესმა გაჭირვებამ ჩვენს ოჯახებში. ოჯახი, რომ იტყვიან, შიმშილის ზღვარზეა. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. 48 დღე-ღამე თოვლსა და სიცივეში ვიდექით და ვითხოვდით დასაქმებასა და სახელმწიფოსგან გამოხმაურებას, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. პირიქით, ჩვენ ჩამოვედით პარლამენტში  კაკულიასაც შევხვდით, მდინარაძესაც შევხვდით, აღგვითქვეს დახმარება, მაგრამ ეს პროცესი სადღაც გაჩერდა. ბოლოს ყველამ მიგვატოვა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ნაბიჯით დაგვენახებინა, რომ მართლა გვიჭირს. გადავწვიტეთ, რომ მივიდეთ ახლოს, კაბინეტებამდე მივიდეთ და კაბინეტის წინ ვუთხრათ ჩვენი გაჭირვება. ხომ არიან ძალიან ძლიერი სპეციალისტები, ხომ არიან ძირითადად ბიზნესიდან მოსულები. აგვიხსნან, როგორ ვიცხოვროთ ჩვენს დაბაში. სადაც აღარც მაღაზია მუშაობს, აღაფერი მუშაობს საერთოდ. მაღაზიები იკეტება ნისიების გამო,” – ყვება ბადრი ელიაშვილი, რომელიც აგარის შაქრის ქარხანაში 20 წელი მუშაობდა. 

მისივე მონათხრობით, მსვლელობას თავიდან აგარელი ქალებიც შეუერთდნენ, თუმცა თბილისში ჩამოსულმა აგარელმა მუშებმა ისინი უკან გააბრუნეს.

15 კილომეტრი მოდიოდნენ ჩვენთან ერთად და უკან რომ მიდიოდნენ, ტიროდნენ. ახლა ისინი აგარაში, ქარხნის წინ სხედან .”

ბადრი ელიაშვილი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ ნეტგაზეთი

რა მოხდება 20 აპრილს

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს სოფლის მეურნეობის მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ განუცხადა, 20 აპრილს,  12.30  საათზე, აგარელი მუშები დიღმის მასივიდან საქართველოს კანცლარიისკენ მსვლელობით დაიძრებიან.

გზაში შემოუერთდება მთელი დაბა აგარა. აბსოლტუურად ყველა მათთან იქნება. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი და ვფიქრობთ, დროა ხელისუფლებამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ზომები მიიღოს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ვმოქმედებთ ყოველთვის პროფკავშირის წევრების ინტერესებისგან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, გავაკეთებთ იმას, რასაც მოგვთხოვენ წევრები,” – განმარტავს გიორგი დიასამიძე.

“აგარის შაქარის კომპანია” რამდენიმე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს. ქარხნის გაჩერების გამო, ქარხნის მუშებმა არაერთი აქცია გამართეს, გუშინ კი აგარიდან თბილისამდე ფეხით მსვლელობა დაიწყეს. ამ დროისთვის თბილისში აგარის 50-ზე მეტი თანამშრომელი იმყოფება.

აამუშავე აგარა! – საპროტესტო მსვლელობა აგარიდან თბილისისკენ [ფოტო]

მასალების გადაბეჭდვის წესი