ახალი ამბები

ემუქრება თუ არა უვიზო მიმოსვლას რეალური საფრთხე – პოლიტიკის დოკუმენტი

20 აპრილი, 2018 • 3296
ემუქრება თუ არა უვიზო მიმოსვლას რეალური საფრთხე – პოლიტიკის დოკუმენტი

არის თუ არა რეალისტური, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადნენ პოლიტიკის დოკუმენტში “საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები: პოლიტიკური კონტექსტი და სტატისტიკა”, მისი ავტორები არიან მკვლევრები- მარიამ გრიგალაშვილი და მიხეილ სარჯველაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მინიჭებამდე არსებულ დაბრკოლებებში და უვიზო მიმოსვლის მიღების შემდეგ გაჩენილ რისკებში რამდენიმე ფაქტორი არსებობს, მათ შორის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიც, პოლიტიკის დოკუმენტში მთავარი აქცენტი მაინც საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებისა და კრიმინალურ დანაშაულში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას კეთდება.

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ევროკავშირის პროგრამების დირექტორი გოგიტა ღვედაშვილი ამბობს, რომ არსებული გამოწვევები ახალი წარმოქმნილი არაა:

“ეს გამოწვევები, რაც დღის წესრიგშია, არ არის ახალი და არ წარმოქმნილა ცარიელ ნიადაგზე. თუ გადავხედავთ ჩვენს საიმგრაციო პროფილს ევროკავშირთან, მკაფიოდ ჩანს, რომ უვიზო მიმოსვლის მიღებამდე, მიუხედავად გათვალისწინებული რეფორმების გატარებისა, იყო ცალკეული მიმართულებები, სადაც საქართველოს ნეგატიურად მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, ერთ-ერთი იყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა”, – ამბობს ღვედაშვილი 

რას ამბობს სტატისტიკა

პოლიტიკის დოკუმანტში ძირითადად განხილულია გერმანიის მაგალითი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების გადადებისა. ასევე, სწორედ გერმანიაში დაიწყო დისკუსია შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით.

დოკუმენტის თანახმად,  2011 წლის შემდეგ გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი კატასტროფული მაჩვენებლით იზრდებოდა, თუმცა საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა დანაშაულში მინიმალურია.  2015 წელს გერმანიაში ბინის ქურდობასთან დაკავშირებულ დანაშაულზე დაკავებულ უცხოელ ეჭვმიტანილთა შორის საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობამ 6,4% შეადგინა. ხოლო 2015 წელს მთლიანად ყველა სახის დანაშაულზე დაკავებული 911 864 უცხოელი ეჭვმიტანილიდან საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 0.9% იყო

დოკუმენტში მოყვანილი მონაცემების თანახმად, ვიზის ლიბერალიზაციის მიღებიდან მართლაც გაიზარდა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელების რიცხვი, მაგრამ ტენდენცია არ ეხება გერმანიას.

თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რიცხვი გერმანიაში 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 309 მაძიებლით შემცირდა. 2017 წელს გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მიღების მიზნით 222 683-მა ადამიანმა გააკეთა განაცხადი, საქართველო არ არის იმ ქვეყნების ათეულში,  საიდანაც, 2017 წელს ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა გერმანიაში.

თუმცა,2018 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, 2018 წლის იანვარში 745-ს მიაღწია, როცა წინა თვეებში 500-ს არ სცდებოდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსების ძირითადი არგუმენტი.

რაც შეეხება კრიმინალურ საქმიანობას, გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის 2016 წლის კრიმინალური სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში დაკავებულ ეჭვმიტანილთა რიცხვი 953 744-ს შეადგენდა. უცხოელ ეჭვმიტანილთა შორის ქვეყნების ოცდახუთეულში საქართველო  6 541 ეჭვმიტანილით ოცდამესამე ადგილზე იყო (უცხოელ ეჭვმიტანილთა 1,1%). 2016 წელს საგრძნობლად შემცირდა ქართველ ეჭვმიტანილთა რაოდენობა, რომელიც 2015 წელს 8 085-ს შეადგენდა ხოლო, 2016 წელს – 6 541-ს.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა, ერთი შეხედვით, არ არის საგანგაშო, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ თუ ტენდენცია გაგრძელდება, საქართველო ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხის წინაშე დადგება. ამას ორი მიზეზი აქვს. როგორც კვლევის ავტორი მარიამ გრიგალაშვილი ამბობს, ევროკავშირს განსხვავებული პირობები აქვს ყველა ქვეყანასთან. მეორე მხრივ, მართალია, საქართველოდან ცოტა ადამიანი ჩადის დანაშაულს, თუმცა ამ დანაშაულით მიყენებული ზარალი დიდია:

ევროკავშირის პირობითობა ყველა ქვეყანასთან განსხვავებულია, ევროკავშირი ყველა ქვეყანას განსხვავებული პირობით უდგება. ის, რაც არ მოეთხოვება სხვა ქვეყანას ევროკავშირისგან, ჩვენ მიმართ მოთხოვნა არის განსაკუთრებული.  მეორე ფაქტორია სწორედ ის, რომ შედარებით მცირე რაოდენობის ქართველები ჩადიან მეტი ზარალის დანაშაულს. იშვიათია, რომ კონკრეტულად ერთ ქვეყანაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნოს ანგარიში. 2015 წელს ასეთი ანგარიში გამოქვეყნდა და ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მიყენებული ზარალი 500 მილიონი ევროა, რაც არ არის ცოტა, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე რაოდენობის ადამიანები ჩადიან ამ დანაშაულს”, – ამბობს კვლევის ავტორი. 

კიდევ ერთი ფაქტორია ისიც, რომ ქართველი ეჭვმიტანილების რაოდენობა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა და ზოგადად, გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა ოფიციალურ საერთო რაოდენობასთან (2016 წელი – 24 055 ადამიანი) შეფარდებით მაღალია, ამიტომ, თუ ამ მხრივ მდგომარეობა არ შეიცვალა და არ შემცირდა თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა, კვლევის ავტორები ელიან, რომ გერმანია აუცილებლად მოითხოვს შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას.

რა მოხდება, თუ შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, შესაძლოა, არ იდგეს, თუმცა ამის შესახებ დისკუსიის დაწყება ნეგატიური ფონის მატარებელია. უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხემ რამდენიმე მიმართულებით შეიძლება იმოქმედოს:

[checklist]

  • საერთაშორისო დონეზე ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების “საჩივრებმა” შესაძლოა დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. რაც,თავის მხრივ უარყოფითად აისახება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების პროცესზე;
  • ეროვნულ დონეზე: უვიზო მიმოსვლის გაუქმება, სავარაუდოდ, შეამცირებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერთა რიცხვს. გარდა ამისა, მოვლენათა მსგავსი განვითარება მანიპულაციის იარაღად შეიძლება იქცეს პრორუსულად განწყობილი ჯგუფების ხელში.

[/checklist]

გოგიტა ღვედაშვილიც მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის გამოყენების საკითხი არ დგას, თუმცა:

“თვისობრივად გამარტივდა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, ისე როგორც არასდროს, პროცედურები, ვადები, ერთ წევრ ქვეყანასაც კი შეუძლია საკუთარ ინიციატივაზე დაყრდნობით დააყენოს ეს საკითხო. თუ ერთ ქვეყანაში მაინც იქნა ეს ობიექტური ინდიკატორები დადასტურებული, მაშინ ნამდვილად შეიძლება საქართველო დადგეს რისკის წინაშე. ეს იქნება დარტყმა მთელი ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ეს ძალიან შორ პერსპექტივაში გადაწევს ჩვენს ამბიციებს ევროკავშირთან სწრაფი დაახლოების თვალსაზრისით”. 

რა უნდა ქნას მთავრობამ

კვლევის ავტორებმა მთავრობისთვის რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. დასკვნის ბოლოს არსებული რისკების შესამცირებლად 11 რეკომენდაციაა შემუშავებული, მათ შორისაა ისეთი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც გულისხმობს საქართველოს საზღვარზე “გამშვები ინტერვიუს” პრაქტიკის დანერგვას. ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ საქართველოს საზღვარზე მოხდება თავშესაფრის შესაძლო მსურველთა გადაადგილების კონტროლი.

გოგიტა ღვედაშვილი მიიჩნევს, რომ ლეგალური მიგრაციის საკითხის წინ წამოწევა მთავრობის მხრიდან პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია:

ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები მიდიან და არღვევენ უვიზო მიმოსვლის წესებს, არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გასაგებია, რომ ერთ და ორ წელში ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც, ლეგალური მიგრაციის მხარდაჭერა და ინდივიდუალურიო მოლაპარაკებები წევრ ქვეყნებთან გაიხსნას ეს შესაძლებლობები, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ფაქტორი, რაც შეამცირებს ამ რისკებს, რაც უკავშირდება უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას”, – ამბობს ღვედაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი